"ვერ ელევიან ფულს, პარტიულ დაფინანსებას, სკამებს პარლამენტში" - ირაკლი კობახიძე

გახარიას პარტიის წარმომადგენლები ვერ ელევიან ფულს, პარტიულ დაფინანსებას, დეპუტატების დაფინანსებას, სკამები პარლამენტში, თუმცა მე მაინც მინდა, იმედი დავიტოვო, რომ საქართველოს პარლამენტში ეს 12 „ნაციონალიც“ არ დარჩება,  - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებს ქვეყანა სრულიად სხვა მოცემულობით უნდა შეხვდეს. 

 

„ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენი დემოკრატიული სისტემა საბოლოოდ გაჯანსაღდეს. 2028 წლისთვის სრულიად სხვა მოცემულობით უნდა შეხვდეს ჩვენი ქვეყანა საპარლამენტო არჩევნებს. „ნაციონალები“ აღარ უნდა იყვნენ აქტუალური 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მათ შორის ეს ეხება სააკაშვილის , გვარამიას, ხაზარაძის, გახარიას პარტიას, უკლებლივ ოთხივე „ნაციონალურ“ პოლიტიკურ პარტიას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც კაია კალასისა და მარტა კოსის განცხადებას ეხებოდა, სადაც საუბარია ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგზე. 

„არ ვიცი რა დიალოგზეა საუბარი, როდესაც თვითონ დააწერინეს პარლამენტიდან გასვლის განცხადებები  ამ ოპოზიციურ პარტიებს, ვგულისხმობ Deep State-ს და გაიყვანეს პარლამენტიდან. ამის შემდეგ რა დიალოგზეა საუბარი. თქვენ იცით, რომ დააწერინეს სამ ოპოზიციურ პარტიას განცხადებები პარლამენტის  დატოვების თაობაზე, გაიყვანეს პარლამენტიდან და ახლა გვესაუბრებიან პარტიებთან დიალოგზე. არ ვიცი რა შეფასება უნდა გაკეთდეს ამასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება NGO-ებს, ამ NGO-ებს კონკრეტული ძალები, Deep State-ი, ეს ძალები იყენებენ იმისათვის, რომ საქართველოში სცადონ ვითარების არევა. რევოლუციას რომ ვეღარ აწყობენ, ეს ყველამ კარგად დაინახა. აბსოლუტურად ყველა ხედავს ამ ყველაფერს, მაგრამ ერთადერთი მიზანი აქვთ, რომ იქნებ ცოტა ეკონომიკური ზრდა შეაფერხონ და ა.შ. რა თქმა უნდა, ამასაც ვერ დავუშვებთ. ამიტომ, როდესაც კონკრეტული ადამიანები არიან შეშფოთებული იმის გამო, რომ ჩვენ არ ვაპირებთ დავუშვათ ამ ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის შეფერხება, სიძულვილის გაღვივება, ეს არის გამაოგნებელი და როცა ამას აკეთებენ ევროკავშირის ბიუროკრატიის უმაღლესი წარმომადგენლები, ეს არის კიდევ უფრო მეტად გამაოგნებელი. მე ყველას მოვუწოდებ, რომ გადახედონ საკუთარ დამოკიდებულებას, მათ შორის, პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე. ასეთი დამოკიდებულებით ევროკავშირი მიდის არასწორი მიმართულებით. ამ ყველაფრის შედეგია ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც არის ევროკავშირში და ის ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც შექმნილია დღეს ევროკავშირში, ტენდენციები არის ძალიან უარყოფითი. ყველას მოვუწოდებ, რომ იყვნენ სამართლიანები ჩვენი ქვეყნის, საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ, შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების მიმართ და უფრო მეტად იზრუნონ ევროკავშირის წინაშე არსებული პრობლემების დაძლევაზე, აქ საუბარია, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ პრობლემებზე“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით,  კანონმდებლობა, რომელიც დაინიცირდა, ეძღვნება იმას, რომ საქართველოში ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ სიძულვილის გავრცელების, ტირაჟირების, ადამიანების შეურაცხყოფის საშუალება.

 

„კანონმდებლობა, რომელიც დაინიცირდა, ეძღვნება იმას, რომ საქართველოში ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ სიძულვილის გავრცელების, ტირაჟირების, ადამიანების შეურაცხყოფის საშუალება. ამით როცა არიან შეშფოთებულები კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები, ეს არის გამაოგნებელი ჩვენთვის. ისინი მხარს უჭერენ სიძულვილს, შეურაცხყოფას, ეს ხომ არანორმალური მოვლენაა. ამას ევროპასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ჩვენი სახელმწიფო მოიმოქმედებს ყველაფერს, იმისთვის, რომ არ დაუშვას  ქვეყანაში სიძულვილის გავრცელება. კატეგორიულად მიუღებელია სიძულვილი და შეურაცხყოფა ყველამ უნდა შეინახოს თავისთვის. მითუმეტეს, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არ მივცემთ ჩვენ იმის საშუალებას, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ პოლიციელებს, მოსამართლეებს. ყველა ასეთი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული სამართალდარღვევა იქნება უმკაცრესად დასჯილი. არ შეიძლება, ოთხმა ასეულმა „ნაციონალმა“ პრობლემების შექმნა სცადოს ოთხი მილიონი ჩვენი თანამოქალაქისთვის. ოთხი ასეული ადამიანი ოთხ მილიონ ადამიანს პრობლემას ვერ შეუქმნის. ჩვენი პასუხისმგებლობაა ამ ოთხივე მილიონი ადამიანის წინაშე. ჩვენ გვყავს 3 700 000 მოქალაქე, თითოეული მათგანის მიმართ ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ მათ ოთხმა ასეულმა „ნაციონალმა“ არავითარი პრობლემა არ შეუქმნას. ჩვენ მივდივართ სწორი მიმართულებით. რადიკალური ოპოზიცია გაძევებულ იქნა პარლამენტიდან, მათ თვითონ დაწერეს განცხადებები ამასთან დაკავშირებით. მე მგონი არც ელოდნენ, რომ ეს განცხადებები დაკმაყოფილდებოდა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. რა თქმა უნდა, არც ერთი „ნაციონალის“ ადგილი არ არის საქართველოს პარლამენტში. მე დიდი იმედი მაქვს, რომ დარჩენილი 12 „ნაციონალიც“ დატოვებს საქართველოს პარლამენტს“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები, რასაც არავითარი შემხვედრი ნაბიჯი არ მოჰყოლია და როდესაც უცხოური დაფინანსებით მომუშავე „ენჯეოები“ გამოიყენებიან, როგორც რევოლუციის მოწყობის მცდელობის მთავარი ინსტრუმენტი, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის დარბილებაზე საუბარი ზედმეტია.

„გახსოვთ, ბატონი ბერსე ჩამობრძანდა საქართველოში, რასაც მოჰყვა ძალიან უხეში შეფასებები რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, შეურაცხმყოფელი შეფასებებიც კი. ეს არის კონტექსტი. ჩვენ გვქონდა საუბრები იმაზე, რომ შეიქმნებოდა სამუშაო ფორმატი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გადასამუშავებლად, თუმცა განვითარებული მოვლენების ფონზე, ამ ფორმატმა დაკარგა თავისი პირვანდელი მნიშვნელობა. ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯი, თუმცა ნაცვლად იმისა, რომ გვეხილა შემხვედრი ნაბიჯი კონკრეტული სუბიექტების მხრიდან, „დიფ სთეითის“ და შესაბამისი სხვა სტრუქტურების მხრიდან, ვიხილეთ საპირისპირო ტენდენცია. გაგრძელდა რევოლუციის მოწყობის მცდელობა, ხედავთ, რომ 4 ასეული ადამიანი ყოველ დღე უყენიათ რუსთაველზე, აკეტინებენ რუსთაველის გამზირს, ანუ არავითარი შემხვედრი ნაბიჯი არ ყოფილა. გაგრძელდა სანქციების დაწესება, PACE-დან იცით,  რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, როდესაც დათქმებით მიანიჭეს სტატუსი ჩვენს დელეგაციას, ეს ყველაფერი არ ტოვებს სივრცეს, რომ ჩვენ ვისაუბროთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გარშემო ფორმატის შექმნაზე. არათუ არ შეიძლება ამ ყველაფრის ფონზე დარბილდეს კანონი, მეტი რა უნდა დარბილდეს არ ვიცი ოღონდ, ვინაიდან საუბარია მხოლოდ ერთჯერად,ყოველწლიურ ფინანსურ დეკლარაციაზე, ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც უცხოური დაფინანსებით მომუშავე „ენჯეოები“ გამოიყენებიან, როგორც რევოლუციის მოწყობის მცდელობის მთავარი ინსტრუმენტი, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის დარბილებაზე საუბარი ზედმეტია და გაუმჭვირვალობის შესახებ სამუშაო ფორმატის შექმნაზე საუბარი არის ზედმეტი. შესაბამისად, ჩვენ ეს პოზიცია გავაცანით ბატონ ბერსეს. ყველა პრინციპი, ყველა წესი დავიცავით, წინასწარ ვაცნობეთ ბატონ ბერსეს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ფორმატმა ამოწურა საკუთარი დატვირთვა,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, პრობლემა არის ის, რომ მედია არის საქართველოში ჩამოყალიბებული, როგორც პოლარიზაციის, სიძულვილის გაღვივების, სიცრუის ტირაჟირების მთავარი წყარო და ამას რეგულირება სჭირდება.

„რაც შეეხება შეზღუდვებს, ნახეთ, რა არის აქაც სასაცილო - ჩვენ ვთქვით, რომ დავაკოპირებთ ბრიტანულ მოდელს და ისე, რომ საერთოდ კანონპროექტიც არ არის ინიცირებული, ვიღაცები ლაპარაკობენ მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე. გამოდის, რომ დიდ ბრიტანეთში ყოფილა შელახული მედიის თავისუფლება, ეს ხომ უბრალოდ სასაცილოა. 
რაც შეეხება ზოგადად პრობლემას, პირველ რიგში, პრობლემას ყველა აღიარებს. ეს პრობლემა, მათ შორის, ეუთო/ოდირის დასკვნებშიც არის აღიარებული წლების მანძილზე. პრობლემა არის ის, რომ მედია არის საქართველოში ჩამოყალიბებული, როგორც პოლარიზაციის, სიძულვილის გაღვივების, სიცრუის ტირაჟირების მთავარი წყარო, ამ პრობლემას ყველა აღიარებს. პოლარიზაცია, სიძულვილი, აგრესია, სიცრუე, ეს ყველაფერი არის დამახასიათებელი ქართული მედიალანდშაფტისთვის. ამას ხომ სჭირდება რეგულირება. თუ პრობლემა არსებობს, თუ დიაგნოზი არსებობს, რატომ არ უნდა განიკურნოს ქვეყანა ამ მძიმე სენისგან, რასაც ჰქვია კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ სიძულვილის, სიცრუის, აგრესიის და პოლარიზაციის გაღვივება. თუ არსებობს დიაგნოზი, თუ ვიცით, რომ არის კონკრეტული სენი, რაც სჭირს ქვეყანას, რატომ არ უნდა განიკურნოს ამ სენისგან? თუ ვინმე ამას უპირისპირდება, გამოდის, რომ მას აქვს კონკრეტული ინტერესი, რომ ქვეყანამ არ დაისვენოს, მუდმივად იცხოვროს პოლარიზაციის, სიძულვილის, სიცრუის რეჟიმში. რა თქმა უნდა, ეს არ შედის ქართული საზოგადოების ინტერესებში, ქართული საზოგადოების ინტერესებში შედის ამ ყველაფრის დარეგულირება და მოწესრიგება და სწორედ ამას მიეძღვნება ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდება აუცილებლად პარლამენტში,“- აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ქვეყნის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა თითქმის 10 % და შარშანდელი წელიც დაიხურა 9.5 %-ით, რაც არის ძალიან მაღალი მიღწევა. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო პირველ ადგილზეა არამარტო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით და გასაკვირი არ არის ის სუვერენული რეიტინგები, რომელიც ქვეყნდება . 

„უცხოელ აგენტებს აქვთ მიღებული ახალი დავალება, უსმენდით ალბათ, რას ლაპარაკობს ხაზარაძე ჩვენს ეკონომიკურ პერსპექტივებზე, ნიკა გილაური - სისხლიანი რეჟიმის პრემიერ-მინისტრი რას ლაპარაკობს ჩვენს ეკონომიკურ პერსპექტივებთან დაკავშირებით, მათ აქვთ მიღებული ახალი დავალება, რომ შექმნან ნეგატიური აღქმები ჩვენს ეკონომიკურ პერსპექტივებთან დაკავშირებით. სინამდვილეში, ასეთი რაღაც ხდებოდა ამ წლების მანძილზე, თუმცა ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენმა საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა თითქმის 10 % და შარშანდელი წელიც დავხურეთ 9.5 %-ით, რაც არის ძალიან მაღალი მიღწევა, პირველ ადგილზე ვართ არამარტო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. რა თქმა უნდა, ასეთი იქნება 2025 წელიც, თუმცა კეთდება აბსურდული განცხადებები ამ უცხოური აგენტების მხრიდან ხაზარაძე, გილაური და სხვები, რომლებიც ამბობენ, რომ თითქოს ეკონომიკური ვარდნაც კი ემუქრება 2025 წელს ჩვენს ქვეყანას. ეს ყველაფერი თან ხდება რის ფონზე - ჩვენ გვქონდა არაერთი ვიზიტი და ყველა ვიზიტის ფარგლებში იყო საუბარი ინვესტიციებზე. ყველაზე მსხვილი ინვესტიცია უკავშირდება არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, EMAAR ჯგუფს, 6 მლრდ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება შემდეგი 5 წლის განმავლობაში მხოლოდ ამ ერთი კომპანიის მხრიდან. ასევე გვქონდა ძალიან საინტერესო საუბრები სხვა ქვეყნებში ინვესტიციებთან დაკავშირებით. მთლიანობაში, ჩვენ გადაჭარბებით შევასრულებთ იმ 4-წლიან გეგმას, რომელიც წარვადგინეთ წინასაარჩევნოდ საზოგადოების წინაშე. ჩვენ გვქონდა 4 წელიწადში 9 მლრდ დოლარის ინვესტიციის მოზიდვა დაგეგმილი მთლიანობაში, თუმცა ვფიქრობთ, რომ ამ გეგმას სერიოზულად გადავაჭარბებთ. ამის გარანტიას იძლევა ის მიმდინარე პროექტები, რომლებიც უკვე არის დაანონსებული. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის ის სუვერენული რეიტინგები, რომელიც ქვეყნდება. ჩვენ სტაბილურად ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და წლევანდელი წელიც იქნება ძალიან წარმატებული ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ამ ფონზე თქვენ ხედავთ, რომ იგივე რადიკალური ოპოზიცია, უცხოური აგენტები საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყანას თითქოს ემუქრება ეკონომიკური ვარდნა, ამას ვერ ეღირსება რადიკალური ოპოზიცია, ისინი ხედავენ საკუთარ პოლიტიკურ შანსებს ასეთ პერსპექტივაში, თუმცა თავადაც იციან, რომ არავითარი ეკონომიკური ვარდნა არ გვექნება, პირიქით, გვექნება ძალიან სტაბილური ეკონომიკური განვითარება, შევინარჩუნებთ მყარად ლარის კურსს, იქნება მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას, რაც სჭირდება რადიკალურ ოპოზიციას, იმას ვერ ეღირსებიან. ზოგადად ხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია, სხვადასხვა რჯულის ნაცები ემუქრებოდნენ „ქართული ოცნების “ მხარდამჭერებს კონკრეტული სიმღერებით, სინამდვილეში თვითონ მიიღეს ის, რითაც ემუქრებოდნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს და, რა თქმა უნდა, ეს ასე გაგრძელდება. არ შეიძლება „ნაცებმა“ მიაღწიონ რაიმე წარმატებას რაიმე სფეროში,“- აღნიშნა პრემიერმა.