"ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ევროინტეგრაციის გზაზე, გამოვიჩენთ მოთმინებას, დაველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებებს" - ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტი - ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ევრონიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ევროპულ ბიუროკრატიასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად,  საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში 2030 წლისთვის შესრულებადი ამოცანაა.

„დღეს ჩვენ ვდგავართ ევროპულ ბიუროკრატიასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე და მაინც, ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება 2030 წლისთვის შესრულებადი ამოცანაა. ეს არის ჩვენი შუალედური მიზანი და ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით ამ მიზნისკენ მიმავალ გზას. ვიმედოვნებ, რომ მომდევნო წლებში საქართველოს მიმართ მიდგომა უფრო სამართლიანი იქნება. ჩვენ კი ძალ-ღონეს არ დავიშურებთ ევროპისკენ მიმავალ გზაზე წინსვლისათვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია ევროკავშირთან ჯანსაღი ურთიერთობით და თუ ევროპული ბიუროკრატიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ შეიცვლება, ყველაფერი გამოსწორდება.

„ჩვენ დაინტერესებულნი ვართ ევროკავშირთან ჯანსაღი ურთიერთობებით, რასაც ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ამის მიზეზია არა საქართველოს პოლიტიკა, არამედ ევროპული ბიუროკრატიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ. ასე რომ, თუკი ეს პოლიტიკა შეიცვლება, ყველაფერი გამოსწორდება. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ევროინტეგრაციის გზაზე. მზად ვართ, თანმიმდევრულად შევასრულოთ ყველა ვალდებულება ასოცირების დღის წესრიგის, DCFTA-ის ფარგლებში. აქ საუბარია ძალიან მკაფიო დღის წესრიგზე. ჩვენ გამოვიჩენთ მოთმინებას, დაველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებებს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ასე, რომ ჩვენ უნდა ვიქონიოთ მოთმინება. ამავე დროს, ჩვენ თანმიმდევრულად შევასრულებთ ყველა ვალდებულებას, რომლებიც ეხება ჩვენი ევროინტეგრაციის დაჩქარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა საქართველო ოკუპირებული რეგიონების დაბრუნებას, მთავრობის მეთაურმა უპასუხა, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით და ამას ალტერნატივა არ აქვს.

„ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ და, რასაკვირველია, ამ მხრივ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, თუმცა ჩვენი ხედვა მტკიცედ მშვიდობიანია. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ამ საკითხის არამშვიდობიანი გადაჭრა აბსოლუტურად შეუძლებელია. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით და ამას არ აქვს ალტერნატივა. გამოვთქვამთ იმედს, რომ გარკვეულ ეტაპზე ამ ხედვის განხორციელება რეალისტური გახდება. დრო გვიჩვენებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რუსეთთან ურთიერთობებისა და საქართველოში რუსეთის საელჩოს შესაძლო გახსნის შესახებ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთთან მიმართებაში პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ დამოუკიდებლობის აღიარების გამო, ახლა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის დრო არ არის.

„ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციის გათვალისწინებით, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ დამოუკიდებლობის აღიარების გამო, ახლა არც არის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის დრო. ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას და სწორედ ამაში მდგომარეობს რუსეთის მიმართ ჩვენი პოლიტიკის დედააზრი. ჩვენ ვინარჩუნებთ სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან და სწორედ ამ გზით გაგრძელდება ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის მიმართ“, - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 90-იანი წლების დასაწყისიდან საქართველომ ბევრი  განსაცდელი გამოიარა და სწორედ ეს იყო იმის მთავარი მიზეზი, რის გამოც ამდენს იბრძოდა ხელისუფლება ქვეყანაში კიდევ ერთი ომის თავიდან ასაცილებლად.

„ჩვენთვის არ იყო მარტივი, რომ არ გადავქცეულიყავით მეორე ფრონტის ხაზად, რადგან დიდი ინტერესი და მოთხოვნა არსებობდა ამ მიმართულებით. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ თავიდან აგვეცილებინა ომი საქართველოში“, - განაცხადა პრემიერმა.

რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ მას ალტერნატივა არ გააჩნია.

„თავიდანვე - 2022 წლის თებერვლიდან - ვამბობდით, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია, რომ ხალხი იხოცება და, რა თქმა უნდა, საერთაშორისო თანამეგობრობა სრულად უნდა იყოს კონცენტრირებული იმაზე, რომ სამშვიდობო შეთანხმება შედგეს. ეს აუცილებელია რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში სიტუაციის გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვას, ხედავს თუ არა საქართველოს მომავალს სრულად ინტეგრირებულს დასავლური უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ სისტემაში, თუნდაც ეს რუსეთთან ურთიერთობის გაუარესებას ნიშნავდეს, მთავრობის მეთაურმა უპასუხა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ორიენტირები აბსოლუტურად ნათელია.

„რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკურ ინტეგრაციას, ამ ეტაპზე ეს საკითხი არ არის დღის წესრიგში დასავლეთის ქვეყნების გადაწყვეტილებების, მიდგომების და ჩვენს ირგვლივ შექმნილი საერთო კონტექსტის გამო.  თუმცა, ევროპული ინტეგრაცია  ჩვენი  საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმაზე მისი ყველა გვერდითი ეფექტი უნდა იყოს გათვალისწინებული. მაგალითად, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებთან არმიერთების  გადაწყვეტილება მივიღეთ, თუმცა  დახურულ კარს მიღმა და ხანდახან საჯაროდაც გვთხოვდნენ ამას დასავლეთიდან. ჩვენი გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ძალიან მარტივ ჭეშმარიტებას ეფუძნებოდა: რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შემოღება საქართველოს ეკონომიკას ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნიდა. პირველივე წელს 10-პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა, ხოლო პესიმისტური სცენარით რეცესია მინუს 18 პროცენტიც შეიძლება ყოფილიყო. ამიტომ, გადაწყვეტილებები ყოველთვის დაბალანსებული უნდა იყოს. საბოლოო ჯამში, ჩვენ მაინც შეგვიძლია, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ჩვენი მთავარი ეროვნული ინტერესების მსხვერპლად  გაღების გარეშე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი.

„ქართველი ხალხი ოპტიმისტურად აღიქვამს მოვლენებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვესმის ბოლოდროინდელი განცხადებები, მათ შორის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შესახებ. ამ პრობლემებზე 2021 წლიდან ვსაუბრობთ. საკანონმდებლო ინიციატივაც გვქონდა გამჭვირვალობის შესახებ,  რომელსაც აშშ-ის საელჩო მწარედ აკრიტიკებდა წინა ადმინისტრაციის დროს. კანონი მხოლოდ გამჭვირვალობას ითხოვდა - არასამთავრობო ორგანიზაციებს ავალდებულებდა  საქართველოს იუსტიციის სამინისტროსადმი წლიური ფინანსური ანგარიშების წარდგენას. აი, ამაზე განაცხადა აშშ-ის საელჩომ წინა ადმინისტრაციის დროს, რომ საქართველოს შავი დღე გაუთენდა ამ კანონის დამტკიცებით. ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი გზავნილები ახალი ადმინისტრაციისას ემთხვევა და იდენტურია. რა თქმა უნდა, ეს ამბები ძალიან ოპტიმისტურად განგვაწყობს შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის აღდგენის მიმართ. წინა ადმინისტრაციამ შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან. ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველო მზადაა, აღადგინოს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ მიზნით, ხორციელდება ინვესტიციები ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

„საქართველო ისტორიულად აკავშირებდა ევროპას აზიასთან და აღმოსავლეთს დასავლეთთან. ჩვენ გვსურს, შეძლებისდაგვარად აღვუდგინოთ ეს ისტორიული ფუნქცია საქართველოს. ბევრს ვაკეთებთ ამისთვის, ჩვენ ვახორციელებთ ინვესტიციებს ჩვენს ინფრასტრუქტურაში - მაგისტრალების, საზღვაო პორტების, აეროპორტების, რკინიგზის ჩათვლით. ეს ინვესტიციები ახალ შესაძლებლობებს უქმნის საქართველოს. კიდევ უფრო მეტად გვსურს პარტნიორობის გაძლიერება შესაბამის ქვეყნებთან, ვაჭრობის ორივე მხარეს - ევროპასთან, აშშ-თან და ამავდროულად, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ჩინეთთან. მიმაჩნია, რომ არსებული - ძალიან პოზიტიური დინამიკა ხელს შეუწყობს ჩვენი სტრატეგიული ფუნქციის აღდგენას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.