დღეს, "თეატრ-სახელოსნო 42“-ში საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის დამაარსებელი ეროვნული ყრილობა გაიმართა.
საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს. მის ამოცანებს შორისაა სამართლიანი არჩევნების ჩატარებისა და პროტესტების დროს პოლიტიკური მოტივით დაკავებული ადამიანების განთავისუფლების ხელშეწყობა.
მიზანი კი არის მშვიდობიანი გზით პოლიტიკური კრიზისების პერმანენტული ციკლიდან გამოსვლა, ქვეყნის დემოკრატიული რესპუბლიკის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი სახელმწიფოს და ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნება, ავტოკრატიული სისტემის ნაცვლად მედეგი დემოკრატიული სისტემის განვითარების ხელშეწყობა, რომელიც მომავალშიც მაქსიმალურად გამორიცხავს ძალაუფლების მიტაცებას და უზრუნველყოფს მოქალაქეთა სუვერენიტეტს.
საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის მემორანდუმი შემდეგია:
"სახეზეა ღრმა პოლიტიკური კრიზისი - ყოველდღიურად ქუჩაში გამოსულ ასობით ათას მშვიდობიან მომიტინგეს ზღვარგადასული ძალადობრივი მეთოდებით უსწორდება არსებული რეჟიმი. რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, მიმდინარე კრიზისი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიულ, სტაბილურ განვითარებას და მის ევროინტეგრაციის პროცესს, არამედ მის სუვერენიტეტსაც.
არსებული პოლიტიკური სისტემა, ტრანსფორმაციის გარეშე, ვერ ახერხებს მოცემული კრიზისის გადაჭრას და პროცესების დემოკრატიულ ჩარჩოში დაბრუნებას და წარმოქმნის მხოლოდ ნეგატიური განვითარების სცენარებს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე,
ჩვენ - საქართველოს მოქალაქეები, სამოქალაქო ორგანიზაციების, საქართველოს პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები:
ვაცნობიერებთ რა ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი სახელმწიფოებრიობის, წინაპრების, დღევანდელი და მომავალი თაობების წინაშე;
მიზნად ვისახავთ რა, მშვიდობიანი გზით გადავჭრათ არსებული პოლიტიკური კრიზისი, დავაბრუნოთ ქვეყანა დემოკრატიული რესპუბლიკის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი სახელმწიფოს და ევროინტეგრაციის გზაზე, ავტოკრატიული სისტემის ნაცვლად ხელი შევუწყოთ მედეგი დემოკრატიული სისტემის განვითარებას, რომელიც მომავალშიც მაქსიმალურად გამორიცხავს ძალაუფლების მიტაცებას და უზრუნველყოფს მოქალაქეთა სუვერენიტეტს;
მიგვაჩნია რა კრიტიკულად მნიშვნელოვნად უმოკლეს დროში ახალი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება, რომელიც რეალურად გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ნებას, მშვიდობიანი პროტესტების წინააღმდეგ ძალადობის დაუყოვნებელი შეჩერება და საპროტესტო აქციების დროს უსამართლოდ დაკავებულების განთავისუფლება;
ვაცნობიერებთ რა, რომ ამ მიზნების მისაღწევად უმნიშვნელოვანესია ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი, განსხვავებულ პოლიტიკურ პარტიებსა და ინტერესთა ჯგუფებს შორის კოორდინაციის, მდგრადი თანამშრომლობის მექანიზმის არსებობა;
მიზანშეწონილად მიგვაჩნია საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანამშრომლობის პლატფორმის - საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის შექმნა, რომელიც დაეფუძნება 1917 წლის საქართველოს ეროვნული ყრილობის მემკვიდრეობას - გააერთიანებს საზოგადოებას, განსხვავებული პარტიებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებს.
საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის შექმნის მიზნით ვაყალიბებთ სამუშაო ჯგუფს, რომელიც ღიაა ყველა დაინტერესებული პირისა და ინტერეს-ჯგუფისთვის."