ახალი არჩევნების და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით პროტესტი გრძელდება. უკვე 73 დღეა, მოქალაქეები ამ მოთხოვნით ყოველდღიურად მართავენ საპროტესტო აქციებს.
ამასთან, უკვე ცნობილია, რომ რუსთაველის გამზირზე აქციები გაიმართება 18 და 25 თებერვალს, ასევე 7 მარტს. ვინაიდან ეს თარიღები სიმბოლური დატვირთვისაა.
უფრო დეტალურად:
"18 თებერვალს, 20:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე შევიკრიბებით საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს ერთპიროვნულ, დე-ფაქტო, არალეგიტიმურ მმართველ ბიძინა ივანიშვილს, თავისივე დაბადების დღეზე, შევახსენებთ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას და ვიბრძოლებთ ბოლომდე – სამართლიანი არჩევნებისთვის, სინდისის პატიმრების გათავისუფლებისთვის და თავისუფალი ქვეყნისთვის!",- წერია ივენთის აღწერაში.
25 თებერვალს, 20:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე - "ეს თარიღი ქართველებისთვის ორმაგად მნიშვნელოვანია, და თბილისის გასაბჭოების ამ თარიღზე არ დავუშვებთ, რომ 100 წლის შემდეგ ჩვენმა შვილებმა, შვილიშვილებმა და შვილთაშვილებმა კვლავაც დაწერონ მსგავსი ლექსები, რომ "დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!" ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და არ დავუშვებთ ამ ისტორიას მეორედ!
მნიშვნელოვანია, ამ დღეს რუსთაველზე ძალიან ბევრი ადამიანი ვიყოთ", - ნათქვამია აქციის აღწერაში.
7 მარტს, 20:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე - "მასობრივი პროტესტის მე-100 დღეს რუსთაველზე შევიკრიბებით ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე. კიდევ ერთხელ მოვითხოვთ საოკუპაციო რეჟიმის გაშვებას და ყველას დავანახვებთ, რომ ჩვენ არ შევეგუებით ხელისუფლების უზურპაციას და დიქტატურის დამყარებას! ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და არ დავუშვებთ ქვეყნის მომავლის მოპარვას",- ნათქვამია აქციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.