ჟურნალისტი მზია ამაღლობელი უკვე 30-ე დღეა შიმშილობს. ის კლინიკა "ვივა მედში" გასულ კვირას გადაიყვანეს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მედიკოსებს მიაჩნიათ, რომ ამაღლობელი ამ დრომდე სტაციონარულ დაკვირვებას საჭიროებს. პარალელურად, შიმშილობას განაგრძობს თემურ ქათამაძე, რომელსაც საზოგადოება ბათუმელი მედროშის სახელით იცნობს. საპატიმროში შიმშილობს რეჟიმის ტყვე ნიკოლოზ ჯავახიშვილი, რომლის მოსანახულებლად ადვოკატი დღეს უნდა შევიდეს და ამის შემდეგ , უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორია მისი მდგომარეობა.
"ნიკას ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება. რომ დამირეკა მითხრა,რომ რთული ვითარებაა. მისი წნევა 60-70-ზეა, თავბრუ ეხვევა, სადაცაა გული წაუვა იმიტომ რომ რამდენჯერმე იყო ამის წინაპირობა და ძალიან ცუდად გრძნობს თავს" - ამბობს ჯავახიშვილის მეგობარი მარიამ ოთინაშვილი "მთავარ არხთან".