ზურაბ ჩხაიძე, „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ამბობს, რომ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი, რომელიც 30 დღეა შიმშილობს, კლინიკაში დატოვებას დათანხმდა. ექიმის ცნობით, პაცენტზე დაკვირვება გრძელდება, რადგან ყოველდღიურად მოსალოდნელია გართულებები.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი არის უცვლელი, საკმაოდ მხნედ გრძნობს თავს, თუმცა მას აქვს გარკვეული სახის ჩივილები, რაც, ზოგადად, ახასიათებს ამ შიმშილის ეფექტს ამდენი დღის განმავლობაში...
შედეგებიდან გამომდინარ შევხვდით პაციენტს, ავუხსენით მისი მდგომარეობა, მონიტორინგის აუცილებლობა და მოსალოდნელი გართულებები... ქალბატონი მზია საკმაოდ გონიერი ადამიანია და აბსოლუტურად ადეკვატურად აღიქვამს ამ ყველაფერს. მან გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაცია და უგრძელდება მონიტორინგის პროცესი, ჩვენი კლინიკის პირობებში“, - თქვა ზურაბ ჩხაიძემ.
ონლაინგამოცმების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 30-ე დღეა შიმშილობს. მას, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო, პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ კოლეგები, უფლებადამცველი ორგანიზაციები, პოლიტიკოსები საქართველოსა და საზღვარგარეთ.
ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, - რაც, იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს - 4 თებერვალს, შიმშილობის 24-ე დღეს, ის კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.
„მედიის თავისუფლების კოალიციის“ (MFC) წევრი 14 ქვეყნის საელჩოებმა 30 იანვარს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადებით მოითხოვეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან მზია ამაღლობელის გათავისუფლება.
ამ ქვეყნების მთავრობების გარდა, საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები, მრავალი უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსი, 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს პატიმრობიდან.