"სახელმწიფო სუვერენიტეტს მუდმივი საფრთხე ემუქრება, მაგრამ ჩვენ წარმატებით ვიცავთ დემოკრატიას" - პრემიერი

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანაა მსოფლიოში და ამიტომაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქრისტიანობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoche-თან ინტერვიუში განაცხადა.

 

პრემიერის თქმით,  ქრისტიანობისა და რელიგიის დაცვა, ეს საქართველოს ისტორიის ნაწილია.

 

„ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანაა მსოფლიოში და ამიტომაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქრისტიანობას. ასე რომ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი რელიგიის დასაცავად. ქრისტიანობისა და რელიგიის დაცვა, ეს ჩვენი ისტორიის ნაწილია“, - განაცხადა პრემიერმა.

 

პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუ ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა და მფლობელმა როჯერ კოპელმა ჩაწერა.

ჟურნალის მთავარ რედაქტორსა და მფლობელ როჯერ კოპელთან ინტერვიუში მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მშვიდობის აუცილებლობას ქვეყნების განვითარებისთვის. 
„ჩვენი სახელმწიფო დღეს უკვე 20 საუკუნეზე მეტი ხნისაა და ამდენად, ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან რთულ გარემოში გადარჩენის უზარმაზარი გამოცდილება. საქართველო ყოველთვის არსებობდა იმპერიების გზაჯვარედინზე და ინტერესების დამაბალანსებელ გზაზე, ასე რომ, ეს ყოველთვის ჩვენი ისტორიის ნაწილი იყო.
და ასევე, ახლა ჩვენ უნდა დავაბალანსოთ ამდენი ინტერესები ჩვენს ირგვლივ, ჩვენ უნდა ვიარსებოთ ძალიან რთულ რეგიონში.
ჩვენ ბევრი პრობლემა გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან, რომელიც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელია, ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული.
ასევე, ჩვენს ირგვლივ რეგიონში კონფლიქტებია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, საქართველო ძალიან პოზიტიურ როლს თამაშობს მშვიდობის ხელშეწყობის კუთხით ჩვენს რეგიონში, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში და ეს არის ჩვენი ხედვა, მხარი დავუჭიროთ მშვიდობას, სტაბილურობას რეგიონში, რადგან ჩვენი ისტორიიდანაც ვიცით, რომ მშვიდობის გარეშე განვითარება ვერ მოხდება.
ეს არის ზოგადი ხედვა, რომელიც გვაქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ვიყოთ კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე, კონცენტრირებულნი ვიყოთ ეკონომიკურ განვითარებაზე, რაც ასევე არის საქართველოს საერთაშორისო პოზიციების განმტკიცების გასაღები და ჩვენ ვაპირებთ მომავალშიც იგივე პოლიტიკის გატარებას“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანია სწორედ მშვიდობის საკითხზე იყო კონცენტრირებული.

“90-იანი წლებიდან საქართველოში ოთხი განსხვავებული ომი გვქონდა. ამიტომ, ჩვენ კარგად გვესმის, რა არის მშვიდობის რეალური ღირებულება. 2022 წელი უაღრესად რთული იყო საქართველოსთვის, რადგან იყო დიდი ინტერესი, რომ მეორე ფრონტის ხაზი ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო.

მაგრამ ჩვენ დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესები და მოვახერხეთ ამ ქვეყანაში ომის თავიდან აცილება. ამიტომ, ჩვენი საარჩევნო კამპანიაც მშვიდობის საკითხზე იყო კონცენტრირებული.

ქართველ ხალხს ვუთხარით, რომ ეს არჩევნებიც, 2024 წლის არჩევნები, იყო ამ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების გზა და რომ “ქართულ ოცნებას” ამ მხრივ ალტერნატივა არ ჰქონდა, რადგან ოპოზიცია საზღვარგარეთ მოკავშირეებთან ერთად ფართოდ გვიბიძგებდა ომისკენ. მიუხედავად ამ სირთულეებისა, მიუხედავად პირდაპირი მოწოდებისა, რომ საქართველო მეორე ფრონტის ხაზი გამხდარიყო, ასეთი გზავნილები გვქონდა უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებისგან და ა.შ. ჩვენ შევძელით მშვიდობის შენარჩუნება, რაც საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა ბოლო ორი წლის განმავლობაში. ასე რომ, მშვიდობა ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია დღესაც,”- განაცხადა პრემიერმა.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის გზავნილები ოპტიმიზმის საფუძველს აჩენს, რომ უკრაინაში ომი მეტ-ნაკლებად მალე დასრულდება.

 

“როდესაც უკრაინაზე ვსაუბრობთ, ჩვენ, რა თქმა უნდა, უკიდურესად შეშფოთებული ვართ უკრაინაში არსებული სიტუაციით. უკრაინელი ხალხი მეგობარი ერია, ქვეყანა მეგობარი ქვეყანაა და, რა თქმა უნდა, ჩვენ ძლიერ შეშფოთებულნი ვართ უკრაინაში შექმნილი ვითარებით. თავიდანვე, ჩვენი მთავრობა ამბობდა, 2021 წლიდან, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოება უნდა კონცენტრირებულიყო უკრაინაში ომის თავიდან აცილებაზე, რაც შესაძლებელი იყო. მაგრამ, საბოლოოდ, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ, უკრაინაში ომი დაწყებულიყო. უკრაინელი ხალხი ძალიან იტანჯება. ეს არის მთავარი პრობლემა. ამდენი ადამიანი დაიღუპა. დანგრეულია ინფრასტრუქტურა. ეკონომიკა განადგურებულია. უკრაინამ ტერიტორიების 20% დაკარგა. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა.უკრაინელი ხალხი არ იმსახურებდა ასეთ შედეგებს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ომი მალე დასრულდება. შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის გზავნილები ოპტიმისტურად გვაფიქრებინებს, რომ ომი მეტ-ნაკლებად მალე დასრულდება,”- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, საქართველოში, ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ ომს უკრაინა მოიგებდა, მაგრამ მმართველ გუნდს ჰქონდა სიტუაციის განსხვავებული ანალიზი.

 

„ვფიქრობ, სამშვიდობო შეთანხმებას და ცეცხლის შეწყვეტას ალტერნატივა არ აქვს. თავიდანვე სხვადასხვა მხარე იყო. საქართველოში, მაგალითად, ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ უკრაინა ომს მოიგებდა, მაგრამ ჩვენ გვქონდა სიტუაციის განსხვავებული ანალიზი. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ამ ომს გამარჯვებული არ შეიძლება ჰყავდეს. ამიტომ, განსაკუთრებით ახლა, ჩვენ სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ სამშვიდობო შეთანხმებას და ცეცხლის შეწყვეტას ალტერნატივა არ აქვს. ვფიქრობ, მთელი საერთაშორისო საზოგადოება უნდა იყოს კონცენტრირებული სამშვიდობო შეთანხმებისა და ცეცხლის შეწყვეტის ხელშეწყობაზე“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გლობალური ომის პარტია ევროკავშირისა და შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციაზე დიდი გავლენით სარგებლობდა.

„2022 წლიდან ჩვენ ვსაუბრობთ გლობალური ომის პარტიაზე და ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ არსებობენ არაფორმალური ძალები, რომლებიც სარგებლობენ უზარმაზარი გავლენით, თუნდაც ოფიციალურ ინსტიტუტებზე. ევროკავშირში და შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციაზე ისინი დიდი გავლენით სარგებლობდნენ. ბოლოს და ბოლოს, არსებობენ გავლენიანი ადამიანები, რომლებიც ენთუზიაზმით უწყობდნენ ხელს ომს და ასე დაიწყო რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ასე, რომ წარმოიქმნა უზარმაზარი კონფლიქტი და, რა თქმა უნდა, მთელი დასავლეთი იყო ჩართული ამ კონფლიქტში, აწვდიდა უკრაინას შესაბამის სამხედრო მასალებს და ა.შ. ასე, რომ არავინ ზრუნავდა რეალურად უკრაინაში ომის დასრულებაზე ან უკრაინაში ამ ომის არდაშვებაზე, რაც, რა თქმა უნდა, ბევრ შეშფოთებას იწვევს. ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო თავიდანვე, რომ ეს ომი არ მომხდარიყო, მაგრამ ახლა ჩვენ ვხედავთ დანგრეულ ქვეყანას, მეგობარ ქვეყანას და ძალიან ვღელავთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2004 წლიდან 2012 წლამდე საქართველოში დემოკრატია არ არსებობდა, თუმცა ყოფილი ხელისუფლება, სააკაშვილის მთავრობა, დემოკრატიული ხელისუფლების ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად იყო აღწერილი.

 

“დემოკრატია მუდმივად საფრთხის ქვეშაა და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენ მუდმივად უნდა ვიბრძოლოთ ამ ქვეყანაში დემოკრატიის შესანარჩუნებლად.

2004 წლიდან 2012 წლამდე საქართველოში დემოკრატია არ არსებობდა, მაგრამ ყოფილი ხელისუფლება, სააკაშვილის მთავრობა, დემოკრატიული ხელისუფლების ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად იყო აღწერილი.

მე აღვნიშნე ბევრი დანაშაული, რომელსაც ისინი სჩადიოდნენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ამიტომ არ იყო დემოკრატია.

მაგრამ კვლავ, საერთაშორისო მედია, ბევრი საერთაშორისო პოლიტიკოსი და ბიუროკრატი, სააკაშვილის მთავრობას აღწერს, როგორც დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითს.

ჩვენ ამ ქვეყანაში დემოკრატიისთვის 2012 წლიდან ვიბრძვით. მე ვისაუბრე საზღვარგარეთიდან ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ხელისუფლების შეცვლის მცდელობებზე.

რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა ნიშნავს, რომ დემოკრატიას საფრთხე ემუქრება. სახელმწიფო სუვერენიტეტს მუდმივი საფრთხე ემუქრება, მაგრამ ჯერჯერობით, ჩვენ წარმატებით ვიცავთ დემოკრატიას გამოწვევებისგან,”- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, როცა ხარ პოლიტიკოსი, მაღალ თანამდებობას იკავებ, გაქვს განცდა, რომ გაქვს ერთგვარი ძალა,  პოზიტიურად იმოქმედო ქვეყნის განვითარებაზე.

 

“ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება ამ ქვეყანაში და როცა გვახსენდება, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა ამ ქვეყანაში უკრაინული სცენარის თავიდან აცილება, რა თქმა უნდა, ეს იწვევს კმაყოფილების განცდას.

ეს არის ერთგვარი კომპენსაცია იმ სირთულეებისა, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოში პოლიტიკურ საქმიანობასთან“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.