"პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, არის პროქართული პოლიტიკა" - ირაკლი კობახიძე

დიდი პრობლემებია საერთაშორისო მედიაში, კონკრეტულად ევროპულ მედიაში, ჩვენ გვაქვს ინფორმაციაზე დაფუძნებული განცდა, რომ ევროპული მედია საკმაოდ კოორდინირებულია გლობალური ომის პარტიასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoche-თან ინტერვიუში განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპულ მედიაში დიდი კოორდინაციაა საქართველოს წინააღმდეგ ყალბი ამბების გასავრცელებლად, რასაც რეალობასთან არაფერი აქვს საერთო.

 

“საუბარია ევროპული მედიაარხების უმეტესობაზე, არა ყველა არხზე, მაგრამ მედიასაშუალებების უმეტესობა კოორდინაციის ქვეშაა. ყალბი ამბები ძალიან აქტუალურია საქართველოსთან მიმართებაში, საერთაშორისო მედიას აქვს საერთო კოორდინაცია და ცენზურა.

ევროპულ მედიაში დიდი ცენზურაა, დიდი კოორდინაციაა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბევრი ყალბი ამბების გასავრცელებლად, რასაც რეალობასთან არაფერი აქვს საერთო.

მაგრამ რეალური ვითარება ისაა, რომ ჩვენ ისევ პრო-ქართველები ვართ და კონცენტრირებულები ვართ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე.

მე შემიძლია ერთი კონკრეტული მაგალითი მოვიყვანო, რომელიც აჩვენებს, რამდენად არარეალურია ინფორმაცია და საერთაშორისო მედია.

შევადაროთ ერთმანეთს საქართველო და მოლდოვა. როდესაც საერთაშორისო მედია მოლდოვას შესახებ წერს, ამბობენ, რომ ეს არის ყველაზე პრო-ევროპული, პრო-დასავლური ქვეყანა, რუსეთის ძლიერი მოწინააღმდეგე და ა.შ. მაგრამ ფაქტები შემდეგია:

საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, მოლდოვას კი აქვს. მოლდოვა დსთ-ს წევრია და ამას არავინ აკრიტიკებს.

დსთ არის მთავარი სახელმწიფოთაშორისი გაერთიანება რუსეთის ქოლგის ქვეშ.

საქართველო არ არის დსთ-ს ნაწილი.

ბევრი კრიტიკის მოსმენა მოგვიწია, მათ შორის, ევროპარლამენტის მხრიდან, როდესაც ისინი იღებდნენ ამ ხუთ განსხვავებულ რეზოლუციას იმის შესახებ, რომ საქართველო არ აწესებდა სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

მაგალითად, ევროპარლამენტის მეხუთე რეზოლუცია საქართველოს შესახებ პირდაპირ გვეუბნება, რომ სანქციები შემოვიღოთ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. მოლდოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებსაც არ აწესებს.

მაგრამ ევროპარლამენტის, ევროკომისიის, ევროსაბჭოს და ა.შ წარმომადგენლის ვერც ერთ განცხადებას ვერ ნახავთ მოლდოვას შესახებ, საერთაშორისო მედიაში კრიტიკას ვერ ნახავთ.

ჩვენ, ორივე, არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. საქართველოს მიმართ საკმაოდ ბევრი კრიტიკაა. ნული - მოლდოვას შესახებ. ასე რომ, ეს ორმაგი სტანდარტებია.

როდესაც ვსაუბრობთ საქართველოსა და მოლდოვის ხალხებზე, საქართველოში ევროინტეგრაციის მხარდაჭერა 80%-ზე მეტია და ეს ასევე ხელისუფლების დამსახურებაა. ასე რომ, 2012 წლიდან, როცა მმართველი პარტია გავხდით, თანმიმდევრულად ვამბობთ, რომ საქართველო უნდა იყოს ევროკავშირში.

სწორედ ჩვენმა პარტიამ, მმართველმა პარტიამ, ჯერ კიდევ 2017 წელს შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილება, სადაც ნათქვამია, რომ ევროინტეგრაცია ყველა საკონსტიტუციო ორგანოს ამოცანა უნდა იყოს,”- აღნიშნა პრემიერმა.

 

მისივე თქმით, ევროინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციური მიზანია.

 

„ამჟამად, ჩვენი გადაწყვეტილების წყალობით, ევროინტეგრაცია არ არის მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების, ან ხელისუფლების ერთგვარი არჩევანი, ან უბრალოდ პარლამენტის დადგენილებით განსაზღვრული, არამედ ეს არის საქართველოს კონსტიტუციური მიზანი.

ეს მიზნები ჩვენ კონსტიტუციაში დავაფიქსირეთ. ეს ჩვენი გადაწყვეტილება იყო. ხოლო ოპოზიცია, რომელიც ახლა ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არის პრორუსული, არასაკმარისად პროევროპული, მათ ხმა არ მისცეს შესაბამის საკონსტიტუციო ცვლილებებს. ასე რომ, ეს არის სიმართლე, დანარჩენი მხოლოდ სპეკულაციაა.

როცა მოლდოველ ხალხზე ვსაუბრობთ, მაშინ როცა საქართველოში ევროინტეგრაციის მხარდაჭერა საზოგადოებაში 80%-ზე მეტია. მოლდოვაში ჩატარდა რეფერენდუმი ევროკავშირის საკითხზე და მოლდოვის მოსახლეობის მხოლოდ 45%-მა, ვგულისხმობ მუდმივ მოსახლეობას, მისცა ხმა ევროკავშირში ინტეგრაციას.

ახლა კი ეს ხალხი, ევროპარლამენტი, ევროკომისია, ზოგი ბიუროკრატი, ზოგი ყოფილი ბიუროკრატი და პოლიტიკოსი აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციიდან ამბობდნენ, რომ მოლდოვა არის პროევროპული და რუსეთის წინააღმდეგ, საქართველო კი ანტიევროპული და პრორუსული ქვეყანაა.

ასე რომ, ხედავთ, რამდენად მკაცრია ეს ჯგუფები.

მაგრამ კიდევ ერთხელ, არის უზარმაზარი კოორდინაცია საერთაშორისო მედიაში, ბევრი ცენზურა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მედიის თავისუფლებასთან, რაც არაფერ შუაშია სიტყვის თავისუფლებასთან, ეს მხოლოდ ყალბი ამბებია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა ზოგადად ევროკავშირის პოლიტიკური სივრცისთვის და განსაკუთრებით ევროპული მედიისთვის,”-განაცხადა პრემიერმა.


პრემიერის თქმით, საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, არჩევნების შედეგებზე ოპოზიციის სასარგებლოდ გავლენის მოხდენის მიზნით, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში განცხადება გააკეთა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გაყინვის შესახებ.

 

„ეს არის სპეკულაციების ერთ-ერთი მაგალითი და ბევრი იყო სპეკულაცია ჩვენს განცხადებებთან დაკავშირებით. ძირითადად, რაც ჩვენ ვთქვით, იყო ის, რომ ჩვენ არ ვაპირებდით გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგში დაყენებას, ეს არ იყო ევროინტეგრაციაზე, ეს იყო კონკრეტულად გაწევრიანების მოლაპარაკებებზე, რომელიც არის ევროინტეგრაციის სპეციფიკური ინსტრუმენტი, ამიტომ ჩვენ არ ვაპირებდით გაწევრიანების საკითხის დღის წესრიგში დაყენებას ჩვენი მხრიდან 2028 წლამდე.

ამავე დროს, ჩვენ ვთქვით, რომ თუ ევროკავშირი აპირებს შესთავაზოს საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკებები, ჩვენ დაუყოვნებლივ შევუერთდებით მას.

ეს იყო ძალიან კონკრეტული, რაც ჩვენ განვაცხადეთ.

ჩვენ ასევე განვაცხადეთ იმავე ბრიფინგზე, რომ ვერაფერი შეგვაფერხებდა ჩვენს გზაზე ევროინტეგრაციისკენ, ამიტომ ვაპირებთ 2028 წლამდე ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე ჩვენი ვალდებულებების 90%-ზე მეტის შესრულებას, ამიტომ ვაპირებთ DCFTA-დან გამომდინარე ჩვენი ვალდებულებების 90%-ზე მეტის შესრულებას 2028 წლამდე.

ეს ხელოვნური დაბრკოლება გაწევრიანების კუთხით ქართულმა მხარემ კი არ შექმნა, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, არჩევნების შედეგებზე ოპოზიციის სასარგებლოდ გავლენის მოხდენის მიზნით, ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, განცხადება გააკეთა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გაყინვის შესახებ.

ასე რომ, თქვენ ხედავთ, რამდენად სპეკულაციურია ზოგიერთი ბიუროკრატი.

ეს არ იყო ქართული მხარე, სწორედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა ხელოვნურად შეექმნა დაბრკოლებები ჩვენს გზაზე ევროკავშირისკენ“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, შესაძლებელია შეინარჩუნო დამოუკიდებლობა, მშვიდობა ქვეყანაში,  ღირსება, ხელი შეუწყო კეთილდღეობას და გახდე ევროკავშირის წევრი.

 

„ევროკავშირში ჩვენი დამოუკიდებლობით უნდა შევიდეთ. ძირითადად, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, ეს იყო ჩვენი მთავარი სლოგანი. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი თავსებადია ერთმანეთთან.

შესაძლებელია შეინარჩუნოთ თქვენი დამოუკიდებლობა, შეინარჩუნოთ მშვიდობა ქვეყანაში, შეინარჩუნოთ ღირსება, ხელი შეუწყოთ თქვენს კეთილდღეობას და გახდეთ ევროკავშირის წევრი და შეინარჩუნოთ თქვენი წევრობა ევროკავშირში.

ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირში ტენდენციები მომავალში უფრო პოზიტიური იქნება. ჩვენ არ მოგვწონდა წინა ტენდენციები. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გარკვეული ცვლილებები, იქნება მომავალ ტენდენციებში“, -  განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს აქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა.

 

„ჩვენ გვაქვს პოლიტიკა, რასაც სტრატეგიულ მოთმინებას ვუწოდებთ და რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია ადვილი არ არის. ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. რუსეთის ფედერაცია აწარმოებს უკრაინაში მიმდინარე ომს.

საქართველოსთვის მდგომარეობა უკიდურესად რთულია. ამიტომ ჩვენ ვატარებთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას, პრაგმატულ პოლიტიკას. არიან ადამიანები, რომლებსაც ეს არ მოსწონთ. ეს არის მიზეზი, რის გამოც ეს ხალხი ზოგიერთ აუდიტორიას ეუბნება, რომ საქართველოს ხელისუფლება პრორუსულია, ჩვენ კი პროქართულები ვართ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოს ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად და პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, არის პროქართული პოლიტიკა, მაგრამ მათ სხვა ინტერესი აქვთ, ჩვენს ოპონენტებს ქვეყნის შიგნით და მათ ლობისტებს საზღვარგარეთ. მათ სხვა ინტერესი აქვთ - ჩვენს ირგვლივ შექმნან რაღაც ახალი კონფლიქტები, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებში არ შედის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიცია ამტკიცებდა ხმების პარალელური დათვლის საფუძველზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ასე მოხდა საქართველოში ოთხი წლის წინაც, როცა ოპოზიცია არჩევნების შედეგებით არ იყო კმაყოფილი.
„ჩვენ მათ ვთხოვეთ ფაქტების მოწოდება, მტკიცებულებების მოწოდება, მაგრამ ვერაფერი მოგვაწოდეს.
როცა 2008 წელს ყოფილი ხელისუფლება აყალბებდა არჩევნებს, მაგალითად, როდესაც აყალბებდნენ საპრეზიდენტო არჩევნებს მიხეილ სააკაშვილისთვის, უამრავი მტკიცებულება იყო, ახლა კი მტკიცებულებები ნული აქვთ, ნული ფაქტი.
ამის საპირისპიროდ, 2020 წელს ჩვენ მოვახერხეთ იმის დამტკიცება, რომ ეს იყო ერთ-ერთი უცხოური დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მანიპულირებდა მოსახლეობის პარალელური კენჭისყრის შედეგებით.
ოპოზიცია ამტკიცებდა ხმების პარალელური დათვლის საფუძველზე, რომელიც არ შეესაბამებოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ შედეგებს, რომ არჩევნები გაყალბდა.
მაგრამ საბოლოოდ, ჩვენ მოვახერხეთ იმის დამტკიცება, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებში კი არ იყო ცდომილება ხმების პარალელური დათვლასთან დაკავშირებით, არამედ ხმების პარალელური დათვლით მანიპულირებდა ადგილობრივი არასამთავრობო, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია USAID-ის მონაწილეობით.
ახლა ჩვენ მოხარული ვართ, რომ მხოლოდ საქართველოს მთავრობა არ საუბრობს USAID-ის განზრახვაზე, შეცვალოს მთავრობები ხალხის ნების საწინააღმდეგოდ უცხო ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, არამედ აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციაც საუბრობს უარყოფით როლზე, რომელსაც USAID ასრულებდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის პროდემოკრატიულ რევოლუციებთან დაკავშირებით“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს მოხდა საქართველოში ოთხი წლის წინ და იგივე ხდება საქართველოში ახლაც.
„უცხოური დაფინანსებით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც, ფაქტობრივად, პოლიტიკური დაინტერესებული მხარეები არიან საქართველოში, ამიტომ არიან ამ მოვლენების ცენტრში, ასევე ოპოზიციური პარტიები, რომლებიც სარგებლობენ კონკრეტული მხარდაჭერით უცხოეთიდან სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მხრიდან, არჩევნების შედეგებით არ არიან კმაყოფილი, 2012 წლის შემდეგ უნდათ ძალაუფლების დაბრუნება, მაგრამ ისევ ვერ შეძლეს. არის არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ხალხი, მაგრამ ჩვენ ვართ მთავრობა და ხელისუფლებამ უნდა მოუსმინოს ყველა მოქალაქეს. არ აქვს მნიშვნელობა, ხელისუფლების მხარდამჭერები იქნებიან თუ ოპოზიციის მხარდამჭერები, ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ყველას, თითოეულ მოქალაქეს.
მთავარი საკითხი ისაა, რომ ეს არის გარედან კოორდინირებული ძალისხმევა საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ.
ქართველ ხალხს ძალიან მკაფიო შეხედულება აქვს ოპოზიციაზე, რადგან ეს ოპოზიცია 2012 წლამდე იყო ხელისუფლებაში და მათ უამრავი დანაშაული ჩაიდინეს საქართველოს, ქართველების, ჩვენი მოქალაქეების მიმართ.
იყო ხალხის მკვლელობა, მათ ქუჩებში მოკლეს 150-ზე მეტი ადამიანი, ძირითადად ახალგაზრდები. ეს მათი პოლიტიკის ნაწილი იყო. ისინი აწამებდნენ პატიმრებს, წამება ხდებოდა სისტემური წესით და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ამ სისტემურ პრობლემებზე არის ECHR-ის გადაწყვეტილებები.
ახალმა ხელისუფლებამ, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ათი ათასობით DVD დისკი იპოვა ერთ-ერთ რეგიონში, კასრებში დამალული და ეს DVD დისკები ასახავდა ხალხის წამებას, პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებს და ა.შ. ასე რომ, ეს იყო სისტემური დანაშაული, რომელსაც წინა ხელისუფლებას აწარმოებდა. ისინი ავიწროებდნენ, არეკეტებდნენ ბიზნესს“, -  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, არანაირი განსხვავება ოპოზიციურ პარტიებსა და უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ არის ძალიან მკაფიო საგარეო ინტერვენცია ქართულ პოლიტიკაში.

“გახსოვთ გერმანელი პოლიტიკოსების განცხადებები, მაგალითად, ილონ მასკის გერმანიის არჩევნებში ჩარევის შესახებ?

მე გითხარით ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით.

მან ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების, მმართველი პარტიის ქმედებების გამო, ევროინტეგრაციის პროცესი ევროკავშირმა გაყინა და იმისთვის, რომ ეს ტენდენცია შეიცვალოს, ამომრჩეველი უნდა იყოს აქტიური მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.

ეს იყო ძალიან პირდაპირი ჩარევა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ ამაზე რეაგირება არავის მოუხდენია, რადგან ისევ იყო უზარმაზარი კოორდინაცია საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და ამ ვითარებაში საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ჩარევა გამართლებული იყო“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

პრემიერის თქმით, მაგალითად, საპარლამენტო არჩევნებამდე იყო ოპოზიციის ყველაზე მასშტაბური წინასაარჩევნო აქცია.

“ეს აქცია უცხოეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იყო ორგანიზებული. ასე რომ, ეს იყო წინასაარჩევნო აქცია, ოთხი ოპოზიციური პარტიის მხარდასაჭერი ერთობლივი კამპანიის. ის იყო უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული და დაფინანსებული და ყველაზე სასაცილო,აბსურდული და უაზრო კი ის არის, რომ ოთხი პარტიის წარმომადგენლიდან არც ერთი არ გამოსულა სცენაზე, არც კი გამოჩენილან.

სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები და ე.წ. საჯარო პირები აწარმოებდნენ კამპანიას ოთხი ოპოზიციური პარტიის მხარდასაჭერად.

თქვენ ხედავთ, რამდენად ინტენსიურია ეს კოორდინაცია უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. უბრალოდ მათ შორის განსხვავება არ არის“, -  აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.