საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 2025 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 2025 წლის სამოქმედო გეგმა განიხილა და დაამტკიცა. კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, კომიტეტის მიზანია საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განსაზღვრა და მათ აღსრულებაზე მუდმივი ზედამხედველობა.

მისი თქმით, კომიტეტის ერთ-ერთი ამოცანა დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობაა.

„ჩვენ ვიმუშავებთ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საქართველოს დეოკუპაციის საკითხის დღის წესრიგში შენარჩუნებაზე და ამ პროცესში საქართველოს პარტნიორების ჩართულობის უზრუნველყოფაზე, ასევე, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობასა და საერთაშორისო საზოგადოების მობილიზების გაზრდაზე ამ მიმართულებით, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც რისკ ფაქტორები არსებობს. ასევე, განვახორციელებთ საპარლამენტო ასამბლეებში, ორმხრივ  ფორმატებში და საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებში საქართველოს მიერ ინიციირებულ რეზოლუციებზე, განცხადებებსა და სხვა დოკუმენტებზე მხარდაჭერის მოპოვებისთვის მიმართულ აქტივობებს“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ნიკოლოზ სამხარაძემ სამოქმედო გეგმის წარდგენისას აღნიშნა, რომ კომიტეტის ამოცანები იქნება: ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრების პროცესის ხელშეწყობა, საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობის განვითარება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავება, ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის განმტკიცების ხელშეწყობა.

„საქართველოს, ევროპის მიღმა, აქვს ასევე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი და ეს არის – ისრაელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები, ჩინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, ინდოეთი და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია. ასევე, მნიშვნელოვანია სამხრეთ ამერიკის, აფრიკის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა (ASEAN) და ოკეანიის ქვეყნებთან საპარლამენტო თანამშრომლობის უფრო გააქტიურება“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, კომიტეტი გააგრძელებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობაზე მუდმივ ზედამხედველობას, მათ შორის, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის, მისი მოადგილეების, უფლებამოსილი პირების, საზღვარგარეთ აკრედიტებული ჩვენი ელჩების პერიოდულ მოსმენას.

„ჩვენ გავაგრძელებთ წინა მოწვევის პარლამენტში დანერგილ პრაქტიკას და მოვუსმენთ საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების ელჩებსაც. ასევე, გვექნება მოსმენები ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარების შესახებ და სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების შესახებ. აუცილებლად გვექნება მოსმენა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარმოებულ სახელმწიფოთაშორის დავებზე და იმ პროგრესზე, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს მიღწეული“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.