მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, მათ გზავნილებს მიუნჰენში წავიღებ - პრეზიდენტი მედიამენეჯერებთან შეხვედრაზე

მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა, ერთად უნდა ვნახოთ, რა შეიძლება გაკეთდეს ქართული მედიის გასაძლიერებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მედიამენეჯერებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, შეხვედრები, რომელსაც ის მართავს, მიმართულია იქითკენ, რომ საზოგადოების გზავნილები მიუნჰენში ჩაიტანოს. 

პრეზიდენტი ამბობს, რომ შეხვედრებს რეგულარული ხასიათი ექნება და გააკეთებს ყველაფერს, რათა დაიცვას საზოგადოების ის ნაწილი, რომელზეც "ოცნების" ხელისუფლება წნეხს აძლიერებს. 

ეს შეხვედრები, რაც მე დავიწყე, ერთის მხრივ მიმართულია იმისკენ, რომ მიუნჰენში რომ წავალ, მხოლოდ მე კი არ წავიდე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, არამედ ჩემთან ერთად წამოვიდეს საზოგადოება და მისი პრობლემები ყველა კუთხით, რაც არსებობს დღეს ქვეყანაში. ამავე დროს, ჩემი სურვილია და ეს არის რაც ახლა დავიწყეთ, რომ პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის ირგვლივ, რომელიც არის შემცირებული, შემჭიდროვებული, შედგეს სხვადასხვა სეგმენტების პლატფორმები, რომლებიც იმუშავებენ ჩვენთან ერთად. ამ კუთხით შევხვდი, მაგალითად, დიპლომატებს და დიპლომატიური ერთგვარი კლუბი შევქმენი. დღეს მედიამენეჯერებთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რომ ჩვენ ერთად ვნახოთ, რა შეიძლება, გაკეთდეს იმისთვის, რომ გაძლიერდეს ქართული მედია იმ მდგომარეობაში, როცა არის მასზე ძალიან დიდი წნეხი, იმიტომ, რომ ყველა დიქტატორული რეჟიმი, რომელიც ცდილობს, რომ გამყარდეს, პირველი მისი სამიზნე ორია: ერთი არის საზოგადოება, მეორე არის მედია. სიტყვის თავისუფლება არის საზოგადოებაში, პირველ რიგში, მაგრამ დაცული უნდა იყოს მედიის მიერ. მე წავიღებ მათ გზავნილებს, როგორც საწყის ეტაპზე, მიუნჰენში, მაგრამ ეს ამით არ მთავრდება, ჩვენ გვექნება რეგულარული შეხვედრები და მზია ამაღლობელი იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა, იმიტომ, რომ ის გახდა სიმბოლო ამ სიტყვის თავისუფლების, ამ წნეხის, რომელიც, პირველ რიგში, ვრცელდება რეგიონალურ მედიაზე, იმიტომ, რომ ალბათ ეს რეჟიმის თვლის, რომ რეგიონალური მედია არის უფრო სუსტი და იქ შეიძლება უფრო დაამყაროს თავისი გავლენა. ეს ასე არ იქნება, ვიქნებით ერთად და სადაც შევძლებ და როგორც შევძლებ, ყველას ერთად დავიცავ, - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში საზოგადოების იმ ჯგუფს ხვდება, რომლებიც ევროპული მომავლის დასაცავად აქტიურად იბრძვიან.