„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემფასებელ კომისიას თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს

სადავო პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიას „ქართული ოცნების“ წევრი თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება კომისიამ დღეს, 13 თებერვალს, მიიღო.

„მინდა წარმატება გისურვოთ, ქალბატონო თეა და დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ეს კომისია მართლაც უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს საქართველოს უახლეს ისტორიაში“, - თქვა გურამ მაჭარაშვილმა, რომელიც „ხალხის ძალას“ წარმოადგენს.

„ხალხის ძალის“ წევრი სოზარ სუბარი კი კომისიის მდივნად აირჩიეს.

კომისიაში სულ რვა წევრი მუშაობს:

„ქართული ოცნებიდან“ თეა წულუკიანი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, პაატა სალია;
ოპოზიციის კვოტას აითვისებენ „ხალხის ძალა“ (სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი) და „ევროპელი სოციალისტები“ (ილია ინჯია).

ამ ორივე პარტიის წევრები „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ გამოეყვნენ - ამ არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობენ ოპოზიციური პარტიები, მეხუთე პრეზიდენტი, კითხვები აქვთ პარტნიორ ქვეყნებსაც. ხალხმრავალ აქციებზე დემონსტრანტები ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება 3 თვის ვადით, მაგრამ შესაძლებელია მისი სამუშაო ვადა 6 თვემდე გახანგრძლივდეს. კომისიის შექმნას 5 თებერვალს მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ 83-მა წარმომადგენელმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა და პარტიისთვის „მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენის“ გამოტანა იყო „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება, რისთვისაც პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლა ჰქონდა განზრახული, რაც ვერ მოახერხა.

კომისიის შექმნაზე 9 იანვარს ისაუბრა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. მან აღნიშნა, რომ კომისია შეისწავლის:

საპატიმროებში პატიმართა წამების საქმეებს;
ადამიანების მკვლელობის, ძალადობის, პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევებს;
კორუფციას და ბიზნესზე ზეწოლას, მედიასაშუალებების მისაკუთრებას;
2008 წლის აგვისტოს ომის „დაწყების აღიარებას“ და „ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალებას“;
მდინარაძემ აღნიშნა, რომ „2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები“.

2024 წლის 7 აგვისტოს 16 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან. ბოლო ერთ წელში „ქართული ოცნება“ უფრო ხშირად ლაპარაკობს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2008 წელს ჩადენილ დანაშაულზე ჩვენ დღემდე მხოლოდ მინიშნებებით ვსაუბრობდით, რასაც თავისი ობიექტური მიზეზი ჰქონდა... ჩვენ ვიქნებით მოსარჩელე მხარე ამ პროცესში და „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი მოღალატეობრივი დანაშაულის გამო კოლექტიურად მოუწევს პასუხისგება“, - განაცხადეს „ქართულ ოცნებაში“ აგვისტოს ომის მე-16 წლისთავის დღეებში.

მოგვიანებით, 2024 წლის 27 სექტემბერს კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქვეყნის პრეზიდენტი იყო, ომის დაწყებაში დაადანაშაულა:

„2008 წელს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, რაც მოგვიანებით აღიარა ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით. საქართველოს არ დაუწყია ომი, 2008 წელს სააკაშვილმა გააყალბა საპრეზიდენტო არჩევნები და ამის შემდეგ სააკაშვილის არალეგიტიმურმა რეჟიმმა დაიწყო ომი აგვისტოში. ეს იყო რეალობა, რასაც ხელი მოაწერა თვითონ, მთელმა პარტიამ“.

2008 წლის ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 დღემდე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.