"ევროპარლამენტის რეზოლუცია არის მორიგი თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე" - პრემიერი

ამ რეზოლუციას არავითარი ფასი არ აქვს ჩვენთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის მორიგი, უკვე მე-6, სრულიად უსამართლო რეზოლუცია და თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, თავდასხმა მედიის დამოუკიდებლობაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად დუბაიში განუცხადა.

 

მისივე თქმით, ასეთი აქტები და რეზოლუციები ძალიან მძიმედ აისახება ევროპული ბიუროკრატიის რეპუტაციაზე ქართული საზოგადოების თვალში.

 

„ეს ყველაფერი გვახსენებს იმ 9-წლიან პერიოდს, რა დროსაც მოქმედებდა მძიმე რეჟიმი, რომელიც თავს ესხმოდა სახელმწიფოებრიობას და მედიის დამოუკიდებლობას ჩვენს ქვეყანაში და ეს რეჟიმი იმართებოდა იმავე ძალების მხრიდან, რომლებიც დღეს ასეთ რეზოლუციებს აინიცირებენ ევროპარლამენტში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, ასეთი აქტები და რეზოლუციები ძალიან მძიმედ აისახება ევროპული ბიუროკრატიის რეპუტაციაზე ჩვენს ქვეყანაში, ქართული საზოგადოების თვალში. იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი, ევროპული ინსტიტუტები და ბიუროკრატია გაჯანსაღდება მომავალში, დღევანდელი ტენდენციები არის საკმაოდ მძიმე,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში 2012 წლამდე მოქმედი რეჟიმი, ზუსტად იგივე ძალების დავალებით მოქმედებდა და ეს ძალები ევროპარლამენტში გარკვეულ რეზოლუციებს აინიცირებენ. 

 

„მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენო, რომ იყო რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში 2012 წლამდე, რომელიც მოქმედებდა ზუსტად იგივე ძალების დავალებით, ეს ძალები დღეს აინიცირებენ გარკვეულ რეზოლუციებს ევროპარლამენტში და მათი ხელწერა იყო დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმა. სწორედ ამ რეჟიმის მხრიდან იქნა მიტაცებული თავის დროზე როგორც კერძო ტელევიზიები, მაგალითად, „იმედი“, „რუსთავი 2“, სხვა კერძო მაუწყებლები, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებელი. ეს ხდებოდა 2004-2012 წლებში სწორედ იმ ძალების დაკვეთით, რომლებიც დღეს აინიცირებენ ევროპარლამენტში რეზოლუციებს. აქედან გამომდინარე, დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმა არის ამ ძალების ხელწერა, ე.წ. დიფ სთეითის, იგივე გლობალური პარტიის ხელწერა, შესაბამისად,  ჩვენ ასეთი აქტები არ გვიკვირს. კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რომ ეს არის უკვე მეექვსე რეზოლუცია ევროპარლამენტის მიერ მიღებული, რომელიც თავს ესხმის ჩვენს ქვეყანას, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, თუმცა ჩვენს ქვეყანას ეს ვერაფერს დააკლებს, ვერც ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ვერც მედიის დამოუკიდებლობას საქართველოში, მაგრამ ეს ყველაფერი მძიმედ აისახება ევროპული ბიუროკრატიის აღქმაზე ჩვენს საზოგადოებაში, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ვინაიდან ევროპარლამენტში კვლავ „დიფ სთეითი“ დომინირებს, ამ პროქართული რეზოლუციის მხარდაჭერის ილუზია მმართველ პარტიას არ აქვს, თუმცა აქტი, თავისთავად, საინტერესოა.

 

„ამ გერმანულ პარტიასა და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას შორის არის ძალიან მჭიდრო კავშირი, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის, ბუნებრივია, საინტერესოა ეს აქტი. ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ასეთი პროქართული აქტი ჰპოვებს მხარდაჭერას ევროპარლამენტში, გამომდინარე იქიდან, რომ იქ კვლავაც მძლავრობს და დომინირებს „დიფ სთეითი“, თუმცა თავისთავად ეს ფაქტი არის ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი,“- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით,  მნიშვნელოვანი იქნება ამ გამოძიების შედეგები იმისათვის, რომ სწორი მიმართულებით განვითარდეს ჩვენი პოლიტიკური დემოკრატიული სისტემა.

 

„საპარლამენტო გამოძიება არანაკლებ მნიშვნელოვანია, უფრო მნიშვნელოვანი თუ არა. ეს პროცესი წარიმართება საჯაროდ, საზოგადოების წინაშე და კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ყველა ის დანაშაული, რომელიც მაშინდელმა რეჟიმმა ჩაიდინა 2004 - 2012 წლებში. ეს არის უმძიმესი დანაშაულები. ეს არის უამრავი ადამიანის მკვლელობა, ადამიანების წამება, სისტემური დანაშაულები, რაც ხდებოდა ციხეებში. ეს იყო ბიზნესის სისტემური რეკეტი, რაც შეეხო ათი ათასობით ადამიანს ჩვენს ქვეყანაში. ეს იყო 2008 წლის ომის დანაშაული. უამრავი დანაშაული იქნა ჩადენილი მაშინდელი რეჟიმის მიერ და ამ დანაშაულის შეხსენება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ თემებზე იმუშავებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ გამოძიების შედეგები იმისათვის, რომ სწორი მიმართულებით განვითარდეს ჩვენი პოლიტიკური დემოკრატიული სისტემა“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით,  დღეს ქვეყანას ჰყავს ძალიან ღირსეული პრეზიდენტი, თუმცა, კონკრეტული ძალები ამას ვერ ეგუებიან.

 

„ეს ხაზს უსვამს ტრაგიკულ მდგომარეობას, რომელიც არის შექმნილი ევროპარლამენტში. 6 წლის ვადით იყო სალომე ზურაბიშვილი არჩეული. თქვენ გახსოვთ, როგორ მოხდა მისი არჩევა. მაშინაც, ქართულმა საზოგადოებამ მხარი დაუჭირა არა სალომე ზურაბიშვილს, არამედ, „ქართულ ოცნებას“. 6 წელიწადზე მეტია გასული ამ არჩევნებიდან. მას შემდეგ ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები. დღეს ქვეყანას ჰყავს ძალიან ღირსეული პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, თუმცა, კონკრეტული ძალები ამას ვერ ეგუებიან. მათ კვლავაც სურთ ჩვენს ქვეყანას ჰყავდეს უღირსი პრეზიდენტი, თუმცა, ეს არის უკვე ბნელი, მძიმე წარსული. სალომე ზურაბიშვილი არის ქართული პოლიტიკის მძიმე წარსული. რა თქმა უნდა, ასეთი ჩანაწერები, რასაც ვხედავთ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და ეს ხაზს უსვამს ევროპარლამენტში არსებულ ტრაგიკულ მდგომარეობას. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ ტრაგიკულ მდგომარეობას, რომელიც არის ბრიუსელის ბიუროკრატიაში დღევანდელ დღეს“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები მაქსიმალურად შეეცდებიან, თავი აარიდონ გამოძიებას. 

ოპოზიციას აქვს შიში გამომდინარე იქიდან, რომ მათ კარგად უწყიან საკუთარი დანაშაულების თაობაზე, შესაბამისად, მათთვის საფრთხის შემცველია ეს გამოძიება, რომელიც წარიმართება, აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ გამოძიებას თავი აარიდონ. თუმცა შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს, კონკრეტულად პროკურატურას აქვს ყველა ბერკეტი იმისათვის, რომ სათანადოდ წარმართოს შესაბამისი გამოძიება, დანარჩენს დაველოდოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, ახლაც არის ზუსტად იგივე კოორდინაცია და იგივე კოორდინაციით წარმოებს  თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, დამოუკიდებელ მედიაზე და სხვა ღირებულებებზე.

„რა თქმა უნდა, არის სრული კოორდინაცია. თავის დროზე ამ კოორდინაციით ცდილობდნენ ჩვენს ომში ჩათრევას, შემდეგ ვერ მოახერხეს ეს ყველაფერი, ვერ მოახერხეს ვერც სანქციებში ჩვენი ჩათრევა, ვერც მოხალისეების გაგზავნის უზრუნველყოფა მთავრობის ოფიციალური თანხმობით და ა.შ. მათი მიზანი იყო ომში ჩათრევა, ესკალაცია, ქვეყნის ეკონომიკის ჩამოქცევა, თუმცა ყველა მცდელობა იყო წარუმატებელი. მათი განაწყენების გამოხატულებაა ის რეზოლუცია, რომელიც ასევე ერთობლივი კოორდინაციით დაინიცირდა ევროპარლამენტში. ასეთივე კოორდინაცია ჰქონდათ ამ ძალებს, Deep State-ს, „გლობალურ ომის პარტიას“ და დღევანდელ რადიკალურ ოპოზიციას, ანუ მაშინდელ „ნაცმოძრაობას“, 2012 წლამდე. სწორედ მათი კოორდინაციით წარმოებდა მაშინ თავდასხმა სახელმწიფოებრიობაზე, მედიის დამოუკიდებლობაზე. ახლაც არის ზუსტად იგივე კოორდინაცია. აქეთ არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ქვეყნის გარეთ არიან მათი პატრონები და ზუსტად იგივე კოორდინაციით წარმოებს ახლა თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, დამოუკიდებელ მედიაზე და სხვა ღირებულებებზე, რომლებიც არის დაკავშირებული ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან“,-  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.