მივმართეთ სასამართლოს, რომ მტკიცებულებები, კიდევ ერთხელ იქნეს გადასინჯული და მზია ამაღლობელის აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს - იოსელიანი

მივმართეთ სასამართლოს, სადაც სწორედ პატიმრობის მართებულობაზე ვისაუბრეთ, ვთქვით, რომ ის მტკიცებულებები, რომლებიც პროკურატურამ წარადგინა, კიდევ ერთხელ იქნეს გადასინჯული, რომ ეს აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

ომბუდსმენის თქმით, მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს აღკვეთის სხვა ღონისძიება, რომელიც არ იქნება პატიმრობა და იქნება ბევრად უფრო ჰუმანური.

„ვაგრძელებთ მუშაობას. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი არის პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა. „ვივამედის“ ექიმის განცხადება ვნახეთ, რომელიც ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ეს მკურნალობა იქნეს მის მიერაც მიღებული და დაექვემდებაროს ამ რეკომენდაციებს. საქმის საგამოძიებო მასალებთან ჩვენ არ გვაქვს წვდომა და საქმის მასალებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. როდესაც მთლიანად შევისწავლით, გვექნება საშუალება, შევაფასოთ, რამდენად ეფექტური იყო გამოძიება, რა მტკიცებულებები იყო. ერთადერთი, შემიძლია გავიმეორო, რომ აღკვეთის ღონისძიების ნაწილში პატიმრობის გამოყენების აუცილებლობაზე მოვუწოდებ სასამართლოს, გაითვალისწინოს ჩვენ მიერ მომზადებული ამიკუსი და იხელმძღვანელოს იმ გარემოებებით, იმ მტკიცებულებებით, რაც ავსახეთ მასში. შეცვალოს აღკვეთის ღონისძიება სხვა ფორმით“, – განაცხადა იოსელიანმა.