"კვერცხების სროლა და ნებისმიერი შეურაცხყოფა ჩემთვის მიუღებელია" - კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პოლიტიკოსების მიმართ ნებისმიერი შეურაცხყოფა, მათ შორის, კვერცხების სროლა, მისთვის მიუღებელია, თუმცა ეს ადამიანები თავად აქეზებენ ძალადობას.

ამის შესახებ კალაძემ თბილისის აეროპორტში პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიასა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეურაცხყოფის ფაქტებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.

„ზოგადად, კვერცხების სროლა და ნებისმიერი შეურაცხყოფა ჩემთვის, მათგან განსხვავებით, მიუღებელია, რადგან ეს ადამიანები პირდაპირ ახალისებენ ძალადობას. მე არ მახსოვს რომელიმე მათგანისგან მომესმინოს განცხადება, თუნდაც როდესაც ჟურნალისტების წინააღმდეგ ხდება ძალადობა, შეურაცხყოფა. სწორედ ეს ქალბატონი იყო, რომელმაც შეიწყალა ადამიანი, რომელმაც პოლიციელს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა და ცოცხლად წვავდა. მთელი პიარკამპანია მიმდინარეობდა, როგორმე გმირად შეერაცხათ ის. წარმოგიდგენიათ, რასთან გვქონდა საქმე? არ მახსოვს მათი მხრიდან არცერთი განცხადება, რომ დაეგმოთ ძალადობა, პოლიტიკოსების მიმართ შეურაცხყოფა, დევნა. როდესაც ელისაშვილი ლაჩრულად მიეპარა მამუკა მდინარაძეს და უკნიდან ჩაარტყა, მათი მხრიდან არ მახსოვს არცერთი განცხადება.

რა თქმა უნდა, არ არის ლამაზი და მიუღებელია ჩემთვის ასეთი ქმედებები. არსებობს კანონი, რომელიც კიდევ უფრო მკაცრდება და ღალატისთვის ყველა დამნაშავეს მოუწევს პასუხისგება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ფაქტები, როგორ ჩადიოდნენ დანაშაულს და ღალატს ქვეყნის წინააღმდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ.