მიუღებელია კვერცხების სროლაც, სიძულვილის ენის გამოყენებაც და შეურაცხყოფაც, დაიწყოს გამოძიება - იოსელიანი

აბსოლუტურად მიუღებელია კვერცხების სროლაც, სიძულვილის ენის გამოყენებაც და შეურაცხყოფაც. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტი, სადაც შესაძლოა, გამოკვეთილი იყოს დანაშაული, იქნეს რეაგირებული, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანებმა, რომლებიც ჩართულები არიან ძალადობაში, კანონის შესაბამისად უნდა აგონ პასუხი.

„კონკრეტულად სად და რა მოხდა, არ მაქვს ინფორმაცია. აბსოლუტურად მიუღებელია განსხვავებული მოსაზრებების გამო ადამიანებზე თავდასხმა, კვერცხები იქნება თუ სიტყვიერად. ესაა იმ პოლიტიკური კულტურის ნაწილი, რომელიც ქვეყანაში უნდა დავამკვიდროთ. განსხვავებული აზრი უნდა იყოს მისაღები ყველასთვის. რაიმე ტიპის დანაშაულის ნიშნებს თუ აქვს ადგილი, ამაზე უნდა იყოს ეფექტური გამოძიება ჩატარებული“, – განაცხადა იოსელიანმა.