„ქართული ოცნების“ პარლამენტმა დღეს, 20 თებერვალს, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც საზოგადოებრივ ორგანიზაციებს საბიუჯეტო დაფინანსებას ჰპირდება. კანონპროექტს, რომლის ინიციატორი „ქართული ოცნების“ მთავრობაა, 80-მა პოლიტიკოსმა დაუჭირა მხარი.
კანონში ორი ცვლილება შევიდა:
- შეიქმნება მთავრობის დაქვემდებარებული უწყება, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო, რომელიც გრანტებს გასცემს;
- ამავე უწყებას სამართლებრივი აქტების გამოცემის უფლება ექნება.
ხელისუფლების ოპონენტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ მოქალაქეების გადასახადები გადანაწილდება მმართველი „ ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალურ ორგანიზაციებზე. 2025 წლისთვის 20 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება.
ამის პარალელურად, „ქართული ოცნება“ გეგმავს, კიდევ უფრო გაამკაცროს კანონმდებლობა საერთაშორისო პარტნიორებისგან დაფინანსებული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით:
- ყველა კანონიდან ამოიღებენ ნორმებს, რომლებიც საჯარო მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობას სავალდებულოს ხდის;
- აშშ-ის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] „სიტყვასიტყვით ნათარგმნი ვერსიით“ ჩანაცვლდება 2024 წელს, მეორე ცდაზე, ხმაურით დამტკიცებული „აგენტების კანონი“, რომელსაც საზოგადოებამ „რუსული კანონი“ უწოდა;
- შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან;
- დადგინდება მედიის ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები - „ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად“.
კანონების გამკაცრების მიუხედავად, საქართველოში 85-ე დღეა არ წყდება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად ცნობენ ოპოზიციური პარტიები, მეხუთე პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები და კითხვები აქვთ საერთაშორისო პარტნიორებსაც. ხალხმრავალ აქციებზე მოქალაქეები ახალი არჩევნების ჩატარებასთან ერთად მოითხოვენ დემონსტრაციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას.