„რისთვისაც ტრამპი მაქებდა, იმის გამო ცდილობენ ჩემს დასჯას“-სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მას და საქართველოს 2011-12 წლებში აქებდა, საქართველოში კი იმისათვის, რის გამოც ტრამპი აქებდა, ერთნი მის დასჯას ცდილობენ, მეორენი კი - მიჩუმათებას.

20 თებერვალს, კლინიკა „ვივამედიდან“ სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს დემოკრატიული ძალების ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის „მაფიოზურ-კრიმინალური რეჟიმი“ წინააღმდეგ „აუცილებლად დაგვირგვინდება გამარჯვებით“, შემდეგ კი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე ისაუბრა.

„დღეს ბევრს იხილავთ დონალდ ტრამპის გამოსვლებსა და განცხადებებს და გავიხსენოთ, დონალდ ტრამპი რას ამბობდა ჩემი პრეზიდენტობის ბოლოს, 2011-ში, 2012 წელს საქართველოსა და ჩემზე“, - განაცხადა სააკაშვილმა და გააგრძელა:

„ის ამბობდა, რომ საააკაშვილი არის ნამდვილი ხატება, მთელი მსოფლიოსთვის მისაბაძი, მსოფლიოში ნომერ პირველი მებრძოლი კორუფციასთან, საქართველო არის ნომერ პირველი ეკონომიკური რეფორმატორი“.

სააკაშვილმა, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტობისას უკრაინის ხელისუფლებაში იყო, ასევე თქვა:

„დონალდ ტრამპი ხუმრობდა, „კარგია, რომ სააკაშვილს არ შეუძლია კენჭისყრა აშშ-ში პრეზიდენტად, თორემ მე კონკურენცია შემექმნებოდაო“. რა თქმა უნდა, ეს ხუმრობა იყო, მაგრამ ამას ამბობდა ამერიკის პრეზიდენტი, რომელიც არ იცვლის ხოლმე შეხედულებებს“.

მსგავსი რამ მიხეილ სააკაშვილს ასევე უწერია თავის წიგნში, „ძალის გამოღვიძება“, სადაც წერს, რომ 2013 წელს ნიუ-იორკში ყოფნისას ტრამპმა ჰკითხა ჰკითხა რჩევა, „რას ფიქრობ, მიშა, პრეზიდენტად ხელახლა კენჭი რომ ვიყაროო“. დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი პირველად 2016 წელს გახდა.

„ამას ამბობდა ესენი და ერთი ნაწილი ცდილობს იმისთვის, რისთვისაც მაქებდა დონალდ ტრამპი, იმისთვის ჩემს დასჯას, ხოლო მეორე ნაწილი - მიჩუმათებას. არც ერთი გამოგივათ და არც მეორე“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მანამდე მან თქვა, რომ „ვიღაცები თვალს არიდებენ ჩემს პოლიტპატიმრების რიცხვში ხსენებას“, რასაც „სასაცილო“ უწოდა: „სინამდვილეში ყველამ კარგად იცის, რისთვის ვარ მე აქ“.

„ერთიანობა - მინუს ვიღაცა არ გამოდის, მეგობრებო“, - განაცხადა მან.

20 თებერვალს საქალაქო სასამართლო განიხილავს სააკაშვილის მიერ „სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის“ ეპიზოდს, - ეს ერთ-ერთი საქმეა, რაზეც სააკაშვილი ბრალდებულია. 20 თებერვლის სხდომაზე პროკურატურამ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. დაცვის მხარე მომდევნო სხდომაზე შეაჯამებს თავის პოზიციას. თარიღი

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „საქართველოში, გარდა იმისა, რომ ჩამოყალიბდა მაფიოზურ-კრიმინალური რეჟიმი, ჩამოყალიბდა ყველაზე სასტიკი რეჟიმი... ბელარუსს უკვე გადავასწარით ტემპით და მონდომებით“, - თქვა მან.

დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტად მეორედ 2024 წელს აირჩიეს. 2025 წლის იანვარს მისი ინაუგურაცია შედგა. ინაუგურაციიდან ერთი თვის თავზე ტრამპი ვერბალურ დუელშია ჩართული უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელსაც უწოდა 4%-იანი რეიტინგის მქონე, „დიქტატორი არჩევნების გარეშე“ და „საშუალოდ წარმატებული კომიკოსი“.

უკრაინის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუსეთისგან მომდინარე დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს და პუტინს ეხმარება მრავალწლიანი იზოლაციიდან გამოსვლაში.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა: ზელენსკიმ ის 2020 წლის მაისში დანიშნა რეფორმების საბჭოში აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ. სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებისა და საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზია.