ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, გვინდა, ეს იყოს ხელშესახები სტრატეგიული პარტნიორობა და არა ზოგადი, როგორც მანამდე ვიყავით მიჩვეული, მზად ვართ, კონკრეტული გზამკვლევი დავადგინოთ ორივე ქვეყნისთვის, სადაც იქნება ასახული სარგებელი როგორც საქართველოსთვის, ასევე აშშ-ისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა წერილობითი კომუნიკაცია დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან, პრეზიდენტ ტრამპთან და პასუხი რადგან არ მიუღია, ღია წერილის გავრცელება გადაწდა.
„ჩემგან გავრცელდა ეს ღია წერილი და, რა თქმა უნდა, ეს გამოხატავს ხელისუფლების, შესაბამისად, ჩვენი სახელმწიფოს პოზიციას. ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. მე, გარდა წერილებისა, საჯარო განცხადებებიც გავაკეთე, რომ აბსოლუტურად ღია ვართ სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, თან გვინდა, ეს იყოს ხელშესახები სტრატეგიული პარტნიორობა და არა ზოგადი, როგორც მანამდე ვიყავით მიჩვეული და მზად ვართ, კონკრეტული გზამკვლევი დავადგინოთ ორივე ქვეყნისთვის, სადაც იქნება ასახული სარგებელი როგორც საქართველოსთვის, ასევე აშშ-ისთვის. ამისთვის მზად ვართ, მაგრამ ჯერჯერობით პასუხს აყოვნებენ, ამიტომ გადავწყვიტეთ ღია წერილის გავრცელება. მასში დეტალურად არის გაშლილი ჩვენი არგუმენტები ყველაფერთან დაკავშირებით, გამოხატულია ჩვენი გაკვირვება იმის შესახებ, რომ აქამდე ისმის დუმილი რეალურად იმ ფონზე, როდესაც ჩანს აშკარა ღირებულებითი თანხვედრა, ანუ გაცხადებული რაც არის, გვაქვს სრული ღირებულებითი თანხვედრა, მიდგომებთან დაკავშირებით არის სრული თანხვედრა. გავიხსენეთ კონკრეტული მაგალითებიც, მაგალითად, რუმინეთის მაგალითი. ტრამპის ადმინისტრაციამ დაგმო ის, რაც ევროპული ბიუროკრატიის მხარდაჭერით გაკეთდა რუმინეთში. კაცმა მოიგო არჩევნების პირველი ტური და საერთოდ გააუქმეს არჩევნები. არ ვიცი, ასეთი რამ სადმე თუ მომხდარა იმ სივრცეში, რასაც ჰქვია დასავლეთი. ასეთ რაღაცაზეც კი წავიდნენ, უხეშად ანტიდემოკრატიული ნაბიჯი გადაიდგა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ევროპული ბიუროკრატიის მხარდაჭერით და მანამდე აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მხარდაჭერით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, იყო თუ არა პრემიერის მიერ აშშ-ის ადმინისტრაციისადმი ღია წერილით მიმართვა განპირობებული აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ ე.წ. მეგობარი აქტის მიღებით, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს იყო ერთ-ერთი, მაგრამ არა გადამწყვეტი ფაქტორი.
„ე.წ. მეგობარი აქტის მიღება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში იყო არა გადამწყვეტი, მაგრამ ერთ-ერთი ფაქტორი. ერთ რამეს უნდა გაესვას ხაზი, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის დუმილიც ბოლომდე დუმილი არ არის, დუმილი შეიძლება უწოდო რაღაც მდგომარეობას, თუ ნეიტრალური სტატუსია ურთიერთობებში, თუმცა ეს სტატუსი ჩვენს ურთიერთობებში ნეიტრალური არ არის. ბაიდენის ადმინისტრაციამ დაუწესა სანქციები, მაგალითად, ჩვენს ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და სხვა მაღალჩინოსნებს ჩვენი სამართალდამცავი უწყებებიდან, ასევე, რომ აღვნიშნოთ „მეგობარი აქტი“ და ა.შ. ეს არ არის ნეიტრალური დუმილის მდგომარეობა, არ არის პასიური სტატუსი, ჩვენს ურთიერთობებს ერთგვარი აქტიური უარყოფითი სტატუსი აქვს, ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ასეთ დროს უნდა გავახმოვანოთ ჩვენი საზოგადოების ინტერესი. საზოგადოების ინტერესია, გადაიტვირთოს ურთიერთობები. შესაბამისად, ჩვენ მკაფიოდ უნდა გავაცნოთ ჩვენი პოზიცია ჩვენს პარტნიორებს. ვნახოთ, ოპტიმიზმი უნდა გვქონდეს. იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობები გადაიტვირთება, იმედი გვაქვს, დამარცხდება „დიფ სთეითი“, ყოველ შემთხვევაში, შესუსტდება მაინც ტრამპთან ბრძოლაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რუმინეთში ევროპული ბიუროკრატიის მხარდაჭერით ერთჯერადად გააუქმეს არჩევნები და რაც იქ ერთჯერადად მოხდა, საქართველოში ეს ხდება განგრძობითი ფორმით.
„ბოლო წლები რომ ავიღოთ, 2020 წლიდან რაც ხდება საქართველოში – ერთი არჩევნების არაღიარება, მეორე არჩევნების არაღიარება, მოლაპარაკებები, ოპოზიციის პარლამენტში არშესვლა, ლეგიტიმაციის არცნობა, არმილოცვა, ჩვეულებრივი საბჭოური მეთოდები. ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია ის დუმილი, რასაც ვხედავთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან და ამის გამო გადავწყვიტეთ, ღია წერილით მიგვემართა ტრამპის ადმინისტრაციისთვის. იმედს ვიტოვებთ, რომ რეაქცია იქნება, თუმცა ვნახოთ, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება, თუ ვინ გაიმარჯვებს ორთაბრძოლაში ტრამპის ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის. აშკარა ბრძოლა წარიმართება. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ გაიმარჯვებს პრეზიდენტი ტრამპი, თუმცა მეორე ვერსიასაც არ გამოვრიცხავთ. ზოგადად, ჩვენ ყოველთვის ყველა სცენარისთვის ვიყავით მზად, ჩვენ პრეზიდენტ ტრამპის ოპონენტის გამარჯვებისთვისაც კი ვიყავით მზად, რაც, ბუნებრივია, უარესი სცენარი იქნებოდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ტრამპის გამარჯვებამ ჩვენთვის უკვე მოიტანა ძალიან მნიშვნელოვანი სარგებელი. გახსოვთ, რამხელა კამპანია ჰქონდათ წარმართული გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ. რუსული კანონი დაარქვეს, ათასი ეპითეტით ამკობდნენ ამ კანონს და იმის გაფიქრებასაც კი გვიკრძალავდნენ, რომ შეიძლება ვინმემ დასავლეთიდან რაღაც ცუდი დააფინანსოს ჩვენს ქვეყანაში. მოვიდა პრეზიდენტი ტრამპი, მისი ადმინისტრაცია და მათ პირდაპირ განაცხადეს ის, რისი მტკიცებაც ჩვენ გვიწევდა საზოგადოების წინაშე. მათ პირდაპირ აღიარეს, რომ კონკრეტულად, მაგალითად, USAID-ის მეშვეობით, NED-ის მეშვეობით, სხვა ფონდების მეშვეობით სხვადასხვა ქვეყანაში იგეგმებოდა რევოლუციური პროცესები და ხდებოდა არეულობის ხელშეწყობა. ეს უკვე იმხელა სარგებელია, რაც ტრამპის გამარჯვებამ მოგვიტანა, ამისთვის უკვე შეიძლება, ითქვას მადლობა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან და ეს იქნება დამოკდებული თავიდან ბოლომდე იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ ორთაბრძოლაში პრეზიდენტ ტრამპსა და „დიფ სთეითს“ შორის. დავიტოვოთ იმედი, რომ გაიმარჯვებს პრეზიდენტი ტრამპი, თუმცა ყველა სცენარისთვის ვართ მზად. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ეს წლები რომ გავიხსენოთ კიდევ ერთხელ, „დიფ სთეითი“ როცა მართავდა აშშ-ს, 2020-2024 წლები, მაშინ ბოლომდე დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესები, არცერთი სცენარის პირობებში არ დავთმობთ ამას. თუ გაიმარჯვებს ტრამპი, ჩვენთვის ბევრად უფრო გამარტივდება სიტუაცია და უკეთ იქნება დაცული ამ შემთხვევაში ჩვენი ეროვნული ინტერესები. დანარჩენი, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, „დიფ სთეითს“ ჰყავს აგენტურა, რომელიც კონკრეტული მითითებებით მოქმედებს და ერთ-ერთი მათგანია ჯო უილსონი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა.
„დიფ სთეითი“ მოქმედებს. მე შორს ვარ იმ აზრიდან, რომ აქ მხოლოდ ფული არის ჩართული საქმეში. „დიფ სთეითს“ ჰყავს პატარა აგენტები და ამუშავებენ ამ აგენტურას. აშშ-ში ჯო უილსონი არის ამის ერთ-ერთი მაგალითი. იმავეს აკეთებენ ევროპულ ბიუროკრატიაში. არის ჩვეულებრივი აგენტურა. საკმაოდ მრავლად ჰყავთ აგენტები. ამ შემთხვევაში გამოარჩიეს ეს კაცი და აწერინებენ ასეთ რაღაცებს. რომ ჰკითხო, საქართველოზე, შეიძლება რუკაზე თითით ვერ მოგინიშნოს, მაგრამ დღეში ხანდახან ხუთ და ექვს პოსტს წერს ხოლმე საქართველოსთან დაკავშირებით. როდესაც წერ, რომ საქართველოში მოქმედებს პროირანული ხელისუფლება, რაღაცას ხომ შეიძლება ეფუძნებოდეს ეს ყველაფერი. არაფერს აღარ ვამბობ რუსეთზე და ჩინეთზე. ეს ახდენს ყველაფრის დისკრედიტაციას, რაც დაკავშირებულია აშშ-თან, ევროპასთან. ასეთ რაღაცას საბჭოთა ცენტრალური კომიტეტი არ კადრულობდა 80-იან წლებში, რადგან იქ რაღაც პრინციპები არსებობდა. რასაც არ კადრულობდა 80-იან წლებში საბჭოთა ცენტრალური კომიტეტი, ის გვესმის ჩვენ კონკრეტული ჩინოვნიკებისგან, ამერიკიდან და ევროპიდან“, – განაცხადა პრემიერმა.