ქართულ დიპლომებს ჩინეთში აღიარებენ, ჩინურს კი საქართველოში - დადგენილება

ქართულ დიპლომებს ჩინეთში აღიარებენ, ჩინურს კი საქართველოში - მთავრობამ შესაბამისი დადგენილება გამოსცა, რომელიც 9 ივნისით თარიღდება და ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა.

დოკუმენტში წერია:

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2025 წლის 15 მაისს ხელმოწერილი „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის უმაღლესი განათლების ხარისხისა და დიპლომების/სერტიფიკატების ურთიერთაღიარების შესახებ“ შეთანხმება“.

ამისთვის კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეთანხმების დადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს უნდა აცნობოს. ამასთან, საგარეო უწყებამ ჩინეთის მხარეს შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე უნდა შეატყობინოს.