"მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის ევროპელ ელჩებს, რომ თავი შეიკავონ საქართველოში სიძულვილისა და ზიზღის წახალისებისგან" - პრემიერი

საქართველოში გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილის და ზიზღის კამპანიებს, ჩვენ ყველა სამართლებრივ მეთოდს დავუპირისპირებთ ამ პროცესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. 

 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ზიზღისა და სიძულვილის ადგილი ქართულ საზოგადოებაში არ უნდა იყოს. 

 

„ხედავთ, რომ საქართველოში მიმდინარეობს სიძულვილის კამპანია, ზიზღის კამპანია. ეს მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი, ასეთივე კამპანიები ფინანსდება გარედან სხვადასხვა ქვეყანაში. უნგრეთიც არ არის ამ კუთხით გამონაკლისი, აქაც პრობლემაა გარედან დაფინანსებული სიძულვილისა და ზიზღის კამპანიები, რასაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ. ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ასეთი კამპანიები წარმატებით დაგეგმონ და განახორციელონ. საქართველოში გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილისა და ზიზღის კამპანიებს, ჩვენ ყველა სამართლებრივ მეთოდს დავუპირისპირებთ ამ პროცესებს. ზიზღი და სიძულვილი არის ის, რაც უარყოფითად აისახება ქვეყანაში მოვლენების განვითარებაზე და ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური უფლება, სამართლებრივ ჩარჩოებში დავუპირისპირდეთ ამ ხელოვნურად თავსმოხვეულ კამპანიებს. ზიზღისა და სიძულვილის ადგილი ქართულ საზოგადოებაში არ უნდა იყოს და ჩვენ გვაქვს სამართლებრივი უფლება, რომ მკვეთად დავუპირისპირდეთ ასეთ პროცესებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ძალიან სამწუხარო და დასანანია. 

„მე იმედი მაქვს, რომ მომავალში დამოკიდებულება შეიცვლება. არ შეიძლება ასე ემუქრებოდნენ ქართველ ხალხს იმის გამო, რომ ვიღაცებს არ მოსწონთ ქართველი ხალხის არჩევანი. ქართველმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი შარშან, მან მხარი დაუჭირა ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას ქვეყანაში, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს ეს არჩევანი, მას ყველამ პატივი უნდა სცეს და აბსოლუტურად უადგილოა მუქარები ქართველი ხალხის მიმართ. 
მე ვფიქრობ, რომ ეს არის შანტაჟი, რომელიც გათვლილია იმაზე, რომ პროცესები სხვა მიმართულებით განვითარდეს ქვეყანაში, თუმცა, რეალურად, ყველა ხედავს, რომ ასეთი შანტაჟი, რომელიც უკვე მრავალი წელია გრძელდება, არ მოქმედებს ქართველ ხალხზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ზოგადად, შანტაჟი შანტაჟად დარჩება, თუმცა   ასეც და ისეც, ეს მუქარები არის ძალიან დასანანი და სამწუხარო“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ღიაა და მზად არის კონსულტაციებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ როგორც ბრიტანეთის, ისე სხვა ევროპული ქვეყნების მხრიდან შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ.

 

„დიდი ბრიტანეთი, კონკრეტულად ინგლისი, არის ქვეყანა, სადაც ჩაისახა სამართლიანი სახელმწიფოს იდეა, სამართლიანობის იდეას მიეცა სხვა დატვირთვა და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად გასაკვირია ის, რომ დიდი ბრიტანეთის მხრიდან ვხედავთ ამ მასშტაბის უსამართლობას და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების მიმართ უპატივცემულო დამიკიდებულებას. ჩვენ გვჭირდება სამართლიანი და ჯანსაღი დამოკიდებულება. როდესაც კონკრეტული კითხვები ისმის იგივე პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, რაც ფაქტებზეა დაფუძნებული, ჩვენ გვჭირდება ამასთან დაკავშირებით ჯანსაღი და მკაფიო, ფაქტებზე დაფუძნებული პასუხი, თუმცა ვხედავთ, რომ არ ისმის არავითარი ფაქტებზე დაფუძნებული პასუხი, ერთადერთი ვისმენთ კვლავ შანტაჟს, მუქარას, ვხედავთ ექსტრემიზმის მხარდაჭერას, არჩევნებში უხეშად ჩარევას, ეს არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ მზად ვართ და ღია ვართ კონსულტაციებისთვის. იმედი გვაქვს, რომ ბრიტანეთის მხრიდან, ასევე სხვა ევროპული ქვეყნების მხრიდან შეიცვლება დამოკიდებულება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ,“- განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართულ საზოგადოებას სჭირდება სიმშვიდე და ჯანსაღი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. 

 

„სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან წამახალისებელ ნაბიჯებს, რაც ძალიან ცუდია, ელჩებიც არიან ხოლმე ჩართული ამ ყველაფერში. ქართულ საზოგადოებას სჭირდება სიმშვიდე და სჭირდება ის, რომ ეს სიძულვილი რამენაირად დასრულდეს. მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის ევროპელ ელჩებს, რომ თავი შეიკავონ საქართველოში სიძულვილისა და ზიზღის წახალისებისგან, ეს არის ის, რაც ნამდვილად არ სჭირდება ქართულ საზოგადოებას. ჩვენს საზოგადოებას სჭირდება სიმშვიდე და ჯანსაღი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მისივე თქმით, ეს ოპოზიციის რეპუტაციაზე კიდევ უფრო მძიმედ აისახება, ვინაიდან ხალხი ხედავს, რომ ისინი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობენ, თუმცა დავალება აქვთ შესასრულებელი და დიდი არჩევანი არ აქვთ.

 

„ყველას კარგად გახსოვთ, როგორ უპირისპირდებოდა ოპოზიცია ჯერ საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის მიღებას, შემდეგ კანდიდატის სტატუსის მიღებას, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნას. აგრძელებენ ამ მიმართულებით მუშაობას, რაც არის ამ შემთხვევაშიც, თავიდან ბოლომდე გარე დაკვეთა. რა თქმა უნდა, მათ არ აწყობთ ეს. ქართველი ხალხის თვალში მათ რეპუტაციაზე კიდევ უფრო მძიმედ აისახება ასეთი პროცესები - ხალხი ხედავს, რომ ისინი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობენ, თუმცა დავალება არის დავალება და როდესაც ხარ დავალების შემსრულებელი, ბუნებრივია, დიდი არჩევანი არ გაქვს,“- განაცხადა პრემიერმა.


პრემიერის თქმით, ამის გამოა, რომ ურეიტინგო პოლიტიკოსებს, ხან ერთ დავალებას აძლევენ გარედან, ხან მეორეს.

„იმ პირობებში, როდესაც აქვთ სერიოზული კრიზისი, მათ შორის, პერსონალურ დონეზე, ვერცერთი მათი ინიციატივა ვერ იქნება წარმატებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორ შეიძლება დიდი ბრიტანეთიდან ფინანსდებოდეს საქართველოში ექსტრემისტული მოძრაობები, -  ასე უპასუხა  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ბრიტანეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ „ფეისბუქ“ პოსტს ეხებოდა დაფინანსებებთან დაკავშირებით. 


მთავრობის მეთაურის თქმით, ცალკეულ შემთხვევებში  საქმე ეხებოდა პარტიების ირიბ დაფინანსებას.


„მაგალითად რომ ავიღოთ „ტაბულა“, ან „მომავლის აკადემია“, ჩვენ ვიცით, რომ ერთიც და მეორეც არის პარტიული დანამატი. საქართველოში კანონით და კონსტიტუციით არის მოწესრიგებული პარტიების დაფინანსების საკითხი. ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა დემოკრატიულ ქვეყანაში, საქართველოშიც აკრძალულია პოლიტიკური პარტიების გარედან დაფინანსება. როდესაც ასეთ პარტიულ დანამატებს აფინანსებ, რა თქმა უნდა, ესეც არის თავისთავად ექსტრემიზმის წახალისება. ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რით არის დაკავებული, მაგალითად იგივე „ტაბულა“, ე.წ. „მომავლის აკადემია“, რომელიც მანამდე იყო „ფრანკლინის კლუბი“. ისინი ექსტრემიზმით არიან დაკავებული და როგორ შეიძლება დიდი ბრიტანეთიდან ფინანსდებოდეს საქართველოში ექსტრემისტული მოძრაობები. ეს არის ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი. პირდაპირ ამ ორგანიზაციებს განასახიერებენ კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებიც არიან სწორედ ასოცირებული ექსტრემიზმთან ჩვენს ქვეყანაში. აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ხელისუფლების მხრიდან ვერ ექნება მხარდაჭერა ასეთი ტიპის ორგანიზაციების ფინანსურ მხარდაჭერას და ზოგადად, ქვეყანაში ექსტრემიზმის მხარდაჭერას. თავის დროზე, როდესაც „ფრანკლინის კლუბი“ დაფუძნდა, შემდეგ გარდაიქმნა მომავლის აკადემიად, ჩვენ ღიად ვსაუბრობდით იმაზე, რომ ეს ორგანიზაციები იყო დაფუძნებული კონკრეტული ძალების მხრიდან იმისათვის, რომ საქართველოში რევოლუციური პროცესები წაეხალისებინათ, შედეგებიც ვიხილეთ. ამის მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან არ იქნება არავითარ შემთხვევაში სწორი“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.