სალომე ზურაბიშვილმა რაც გამოაქვეყნა, ეს არის სტანდარტული ანკეტა, რომელიც ივსება ნებისმიერ ქვეყანაში, ასეთი ფორმით სკოლის მოსწავლეების მიერ. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პერსონალური მონაცემების შესახებ ორგანიზაციის „ჩემი ხმის“ და სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
პრემიერის თქმით, ეს ორგანიზაცია პირდაპირ არის დაკავშირებული კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“, შესაბამისად, მათ ასეთ განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს.
„ეს ორგანიზაცია პირდაპირ არის დაკავშირებული კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“, შესაბამისად, მათ ასეთ განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს. მითუმეტეს, როდესაც ისინი ყოველგვარი ფაქტების და მტკიცებულებების გარეშე საუბრობენ. სალომე ზურაბიშვილმა რაც გამოაქვეყნა, ეს არის სტანდარტული ანკეტა, რომელიც ივსება ნებისმიერ ქვეყანაში, ასეთი ფორმით სკოლის მოსწავლეების მიერ. წარმოდგენა რომ არ გაქვს არც პერსონალურ მონაცემებზე და არც იმაზე, თუ როგორ უნდა შეივსოს მოსწავლის ანკეტა, ეს სერიოზული პრობლემაა, თუმცა კომპეტენცია ამ ხალხს არ მოეთხოვება“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, სალომე ზურაბიშვილს ერთ თვეში მაინც გაუვა უფლებამოსილების ვადა, თუმცა იმპიჩმენტს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა, რადგან, არ შეიძლება, ადამიანი, რომელიც უხეშად არღვევდა კონსტიტუციას, მიზანმიმართულად და შეგნებულად ჩადიოდა ქვეყნის ღალატს, იმპიჩმენტის გარეშე წავიდეს თანამდებობიდან.
„ჩვენ გავიმეორებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, იმიტომ, რომ 60% რეიტინგით თავისუფლად არის შესაძლებელი ასზე მეტი მანდატის მოპოვება. ჩვენ გვინდა, რომ მნიშვნელოვნად გადავცდეთ ას მანდატს, შესაბამისად, იმპიჩმენტი არის აბსოლუტურად რეალური. ეს არის არსებითად სიმბოლური აქტი, იმიტომ, რომ ერთ თვეში მაინც გაუვა სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა, თუმცა იმპიჩმენტს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა, რადგან, არ შეიძლება, ადამიანი, რომელიც უხეშად არღვევდა კონსტიტუციას, მიზანმიმართულად და შეგნებულად ჩადიოდა ქვეყნის ღალატს, იმპიჩმენტის გარეშე წავიდეს თანამდებობიდან. ეს არ იქნებოდა სწორი. აქედან გამომდინარე, მას ერთი თვით ადრე, ნაადრევად შეუწყდება უფლებამოსილება, სწორედ იმპიჩმენტის საფუძველზე. ჩვენ წინა იმპიჩმენტით ყველას დავანახეთ, რომ ერთადერთი, ვისი ხმებითაც რჩება თანამდებობაზე სალომე ზურაბიშვილი, ეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“. დღეს რომ მას უკავია პრეზიდენტის თანამდებობა, არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ხმების დამსახურება. ახლა უკვე სხვა მოცემულობა იქნება. ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში, ჩვენ ასზე მეტი ხმით, თანამდებობიდან გადავაყენებთ სალომე ზურაბიშვილს“, - განაცხადა პრემიერმა.