"ოპოზიცია ხედავს, რომ განწირულია მორიგი მარცხისთვის, მათი მხრიდან პროვოკაციები არ არის გამორიცხული" - პრემიერი

მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, რომ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ შესაძლო პროვოკაციების მიმართ, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, წინასაარჩევნოდ ოპოზიციის მხრიდან  თუ არის მოსალოდნელი პროვოკაციები, პრემიერი აღნიშნავს, რომ რისკები არსებობს, 11 დღე არის ზუსტად დარჩენილი არჩევნებამდე და მაქსიმალური სიფრთხილე და სიფხიზლე არის საჭირო.

„როდესაც ოპოზიცია ხედავს, რომ განწირულია მორიგი მარცხისთვის, მათი რეიტინგი არის ძალიან მძიმედ. დღეს ჩვენ გვაქვს დაახლოებით 60%-მდე რეიტინგი. ასეთ პირობებში, მათი მხრიდან, რა თქმა უნდა, პროვოკაციები არ არის გამორიცხული, ამიტომ, განსაკუთრებულ სიფრთხილეს გამოვიჩენთ იმისათვის, რომ აღვკვეთოთ ნებისმიერი ტიპის პროვოკაცია“, -  აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით,  თუ ვინმეს ინტერესებში შედის პროვოკაციები, ეს არის თვითონ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“. 

„ჩვენს ინტერესებში ასეთი რამე საერთოდ არ შედის. შესაბამისად, მე პრაქტიკულად გამოვრიცხავ იმას, რომ ჩვენგან ვინმეს ასეთი რამ გაეკეთებინა, თუ რამე ნიშნები არის, წარმოადგინონ მტკიცებულებები და რა თქმა უნდა, გამიძიება ჩატარდება. ჩვენს ინტერესებშია მაქსიმალური სიმშვიდის შენარჩუნება,“- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, „ლელო“ და ხაზარაძე ამხილა თავად ოპოზიციამ და მათი საარჩევნო დაპირება არის ჩვეულებრივი საარჩევნო ტყუილი.

„ამ სიცრუეში „ლელო“ და ხაზარაძე ამხილა თავად ოპოზიციამ. თქვენ გახსოვთ დისკუსია, რომელიც წარიმართა ათას ლარიან პენსიასთან დაკავშირებით. იმდენად მარტივად გამოიჭირა სხვა არაერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ესენი ტყუილში, რომ ამაზე დამატებით მსჯელობა არც ღირს. ეს არის ჩვეულებრივი საარჩევნო ტყუილი, რომელსაც ავრცელებს ეს პოლიტიკური პარტია“, - განაცხადა პრემიერმა.