22-23 ნოემბერს ქართული დელეგაცია საინგილოს ეწვევა

საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოსა და აზერბაიჯანის რელიგიის სახელმწიფო კომიტეტის შეთანხმებით, 22-23 ნოემბერს მრავალრიცხოვანი ქართული დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკას, ისტორიულ ქართულ კუთხეს - საინგილოს ეწვევა. დელეგაციასთან ერთად მართლმადიდებელი ქართველი მომლოცველების მცირე ნაწილსაც მიეცემა შესაძლებლობა ლაგოდეხი-ბელაქანის დაკეტილი სახმელეთო საზღვარი სპეციალური კოდით და წინასწარ შეთანხმებული სიის საშუალებით გადაკვეთოს და გიორგობის დღესასწაულის  შემდეგ იგივე გზით დაბრუნდეს საქართველოში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საინგილოს ეწვევა საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანიც.


22 ნოემბერს დღის პირველ ნახევარში საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და ქართული დელეგაცია ბელაქნის რაიონის სოფელ ითითალას ეწვევა და იქ მცხოვრებ აზერბაიჯანის მოქალაქე ეთნიკურ ქართველებს შეხვდება. ქართული დელეგაცია ითითალის სკოლის სააქტო დარბაზში შეკრებილ სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდება. ვიზიტის დროს შედგება ქართული დელეგაციის შეხვედრა ბელაქნის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელთან ისლამ რზაევთან. ზაზა ვაშაყმაძე საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელებთან - დასავლეთ საქართველოს მუფთთან, ადამ შანთაძესთან, მუფტის მოადგილესთან, თანამედროვე ქართულ ენაზე ყურანის მთარგმნელთან, თეოლოგ რეზო მიქელაძესთან, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთთან, ეტიბარ ემინოვთან და შეიხ ფაიგ ნაბიევთან ერთად ითითალის ისტორიულ მეჩეთს ეწვევა, ადგილობრივ სასულიერო პირს - ჰაჯი მუჰამედ ალიევსა და ინგილო ქართველ მუსლიმებს შეხვდება და ქართულ ენაზე გამოცემულ ყურანის წიგნებს საჩუქრად გადასცემს. ითითალაში მცხოვრებ მართლმადიდებელ ქრისტიანებს ქართულ ენაზე გამოცემული ბიბლიისა და ახალი აღთქმის წიგნებიც გადაეცემათ.
ითითალა მდინარე ალაზნის პირას მდებარეობს და სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედს ესაზღვრება (ამ სოფელში 2100-ზე მეტი ინგილო ქართველი ცხოვრობს). 
22 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში ქართული დელეგაცია ითითალიდან ჯერ ზაქათალის რაიონის სოფელ მოსულში გაემგზავრება, მოგვიანებით კი დაბა ალიაბადს ეწვევა. 
ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადის მოსახლეობა 11 ათასზე მეტია (დაბის მოსახლეობის 98%-ზე მეტი ინგილო ქართველია). ალიაბადში თავის დროზე, 1938 წლის იანვარში 4 ქართული სკოლა გაიხსნა და ამ 4 სკოლიდან დღეისათვის მხოლოდ 1 სკოლაშია შემორჩენილი ქართული სექტორი. სოფელი მოსულიც დაბა ალიაბადთან ახლოს მდებარეობს და იქ 3000-მდე ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს. მოსულში გასული წლის სექტემბერში ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, უმაღლესი დონის სკოლა აშენდა (მსგავსი სკოლა მთელ აზერბაიჯანში მხოლოდ რამდენიმეა) და მის გახსნას აზერბაიჯანის განათლების მინისტრის მოადგილე იდრის ისაევიც დაესწრო (მოსულშიც ქართული სკოლა 1938 წლის იანვარში გაიხსნა. დღეისათვის სკოლაში აზერბაიჯანული და ქართული სექტორები მოქმედებს). ადგილობრივი ჩვენებურების მოლოდინის მიუხედავად, სამწუხაროდ, აზერბაიჯანში აკრედიტირებული ქართველი დიპლომატები მოსულის ახალი სკოლის გახსნას არ დაესწრნენ და იქ დღემდე არც კი ჩასულან, რაც მოსულში მცხოვრები ინგილო ქართველების გულისტკივილს იწვევს.
აღსანიშნავია, რომ უკვე მრავალი წელია ქართული დელეგაცია ზაქათალის რაიონის ქართველებს არ შეხვედრია. თავის დროზე მინისტრის რანგში ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადს სტუმრობდნენ ირაკლი მენაღარიშვილი და ალექსანდრე (კახა) ლომაია. 1947 წელს ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადს ესტუმრა საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელი კანდიდ ჩარკვიანი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელმძღვანელი მირ ჯაფარ ბაგიროვი. 2019 წლის 28 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად ზაქათალის სახელმწიფო აეროპორტში ჩაფრინდა. ზაქათალის აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტს დახვდნენ - აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ დავალებათა ელჩი აზერ ჰუსეინოვი, აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი, ზაქათალის რაიონის ხელმძღვანელი მუბარიზ ეჰმედზადე და სხვა ოფიციალური პირები, ხოლო ტრადიციული აზერბაიჯანული ეროვნული სამოსით შემოსილმა გოგონამ სალომე ზურაბიშვილს ყვავილების თაიგული მიართვა. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის გამო ადგილობრივი მაგისტრალებიც გადაიკეტა და იმ დღეს ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადსა და მოსულში მცხოვრები ინგილო ქართველებიც, ისევე როგორც სკოლის მოსწავლეები სიხარულით ელოდნენ მის ვიზიტს და იმედი ჰქონდათ, რომ მათაც მოინახულებდა. სამწუხაროდ, პრეზიდენტი და მისი დელეგაცია ზაქათალიდან პირდაპირ კახის რაიონში გაემგზავრა და გზად მცხოვრებ ჩვენებურებს არ შეხვდნენ, რის გამოც მათ ძალიან დაწყდათ გული.
მრავალი წლის შემდეგ პირველად, 22 ნოემბერს საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ქართულ დელეგაციასთან ერთად ზაქათალის რაიონის სოფელ მოსულსა და დაბა ალიაბადს ეწვევა. ვიზიტის დროს შედგება ქართული დელეგაციის შეხვედრა ზაქათალის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელთან მუბარიზ ეჰმედზადესთან. 


პირველი შეხვედრა სოფელ მოსულში მცხოვრებ ინგილო ქართველებთან მოსულის ისტორიულ მეჩეთში გაიმართება. ზაზა ვაშაყმაძე ქართულ დელეგაციასთან და საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელებთან - დასავლეთ საქართველოს მუფთთან, ადამ შანთაძესთან, მუფტის მოადგილესთან, თანამედროვე ქართულ ენაზე ყურანის მთარგმნელთან, თეოლოგ რეზო მიქელაძესთან, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთთან, ეტიბარ ემინოვთან და შეიხ ფაიგ ნაბიევთან ერთად მოსულის მეჩეთში სოფლის იმამს ნიმათ ალიევს, მოსულში მოღვაწე სასულიერო პირებს, მოსულის გამგებელს ელმან სულხაევს, მოსულის სკოლის დირექტორს მუსა მამედოვს, ადგილობრივი ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენელებს და მოსულში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს შეხვდება. ზაზა ვაშაყმაძე მოსულში მცხოვრებ ინგილო ქართველ მუსლიმებს საჩუქრად გადასცემს ქართულ ენაზე გამოცემულ ყურანის წიგნებს. 23 ნოემბრამდე მთელ აზერბაიჯანში სასკოლო არდადეგებია გამოცხადებული, რის გამოც სწავლა არ არის, თუმცა ქართული დელეგაცია სავარაუდოდ მოსულის ახალ სკოლასაც მოინახულებს.


მოსულის შემდეგ იმავე დღეს, 22 ნოემბერს, საღამოს ზაზა ვაშაყმაძე ქართულ დელეგაციასთან და საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელებთან - დასავლეთ საქართველოს მუფთთან, ადამ შანთაძესთან, მუფტის მოადგილესთან, თანამედროვე ქართულ ენაზე ყურანის მთარგმნელთან, თეოლოგ რეზო მიქელაძესთან, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთთან, ეტიბარ ემინოვთან და შეიხ ფაიგ ნაბიევთან ერთად ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადს ეწვევა. ზაზა ვაშაყმაძე ქართული დელეგაცია ალიაბადში მოღვაწე სასულიერო პირებს, ადგილობრივი ადმინისტრაციის, სკოლების წარმომადგნელებსა და ალიაბადში მცხოვრებ ინგილო ქართველებს ალიაბადის ისტორიულ მეჩეთში შეხვდება. ზაზა ვაშაყმაძე ალიაბადში მცხოვრებ ინგილო ქართველ მუსლიმებს საჩუქრად გადასცემს ქართულ ენაზე გამოცემულ ყურანის წიგნებს. ალიაბადსა და მოსულში მცხოვრებ მართლმადიდებელ ქრისტიანებს ქართულ ენაზე გამოცემული ბიბლიისა დ ახალი აღთქმის წიგნებიც გადაეცემათ.  
23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე კახის რაიონის სოფელ კახ-ინგილოს (ისტორიული კაკისთავი) წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) სამღვდელოებასთან ერთად სადღესასწაულო წირვას აღავლენს. ღვთისმსახურება დილის 11 საათიდან დაიწყება. საღვთო ლიტურგიისა და მეუფის ქადაგების შემდეგ საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ქართულ ენაზე გამოცემულ ბიბლიისა და ახალი აღთქმის წიგნებს საჩუქრად გადასცემს ტაძარში მყოფ ადგილობრივ ქართველებს. წირვის შემდეგ მეუფე თეოდორე სამღვდელოებასთან, ქართული დელეგაციის წევრებთან და მრევლთან ერთად ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარს მოილოცავს და სადღესასწაულო პარაკლისს აღავლენს. 
ვიზიტის დროს შედგება ქართული დელეგაციის შეხვედრა კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელთან მუსა შექილიევთან. მეუფე თეოდორე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კახ-ინგილოს წმინდა გიორგის ტაძრის ეზოში წირვის შემდეგ შეკრებილ მართლმადიდებელ ქართველებსაც შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ ქართულ დელეგაციასთან ერთად თავის მშობლიურ კუთხეს მრავალი წლის შემდეგ ისევ ეწვევა თბილისში, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში მოღვაწე მღვდელმონაზონი, მამა სვიმონი (აბრამიშვილი). მამა სვიმონი ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადიდანაა და ბოლო ათწლეულებში საქართველოს ეკლესიაში მოღვაწე ერთადერთი მართლმადიდებელი სასულიერო პირია ზაქათალის რაიონიდან. იგი თავის მშობლიურ ალიაბადში 1990-იანი წლების შემდეგ არ ყოფილა. მამა სვიმონი ომის ვეტერანიცაა - ერისკაცობის დროს, ისტორიული სამშობლოს - საქართველოს ტეროტორიული მთლიანობისთვის აფხაზეთის ომშიც იბრძოდა და დაიჭრა.  

ავტორი: სერგო კერესელიძე