29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, გადაიყვანეს 40 ადამიანი - ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილი 40 ადამიანიდან აქციის 36 მონაწილე, მედიასაშუალების 2 და შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 წარმომადგენელია.
"არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - ნაწილმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულებები, ნაწილი კი მედიკოსების რეკომენდაციითა და მათი მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკაში რჩება.
გარდა ამისა, ადგილზე, პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწიათ სხვა აქციის მონაწილეებს, მედიისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომელთაც არ ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია.
აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს." - ნათქვამია განცხადებაში.