სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით შვედეთში საჩუქრებს ბავშვებს არა სანტა-კლაუსი, არამედ თეთრწვერა ქონდრისკაცი "იულ ტომტენი" ჩუქნის ტროლებთან და ელფებთან ერთად. ამასთანავე, შვედები, რომელთაც ძალიან უყვართ მისტიკური რიტუალები, ახალი წლის ღამეს ჯერ მეზობლის კარზე ამტვრევენ თეფშებს, მერე ყურადღებით აკვირდებიან, რადგან რაც უფრო წვრილად დაიმსხვრევა თეფში, მით უფრო ბედნიერი იქნება ახალი წელი.
ჭურჭლის მეზობლის კარზე "მილეწვის" ტრადიცია აქვთ დანიელებსაც, რომლებიც ნამსხვრევების რაოდენობით ვარაუდობენ რამდენ ახალ მეგობარს შეიძენენ დამდეგ წელს. მართალია, ადრე სკანდინავიელები მთელი გამეტებით ამტვრევდნენ თეფშებს, მაგრამ ტრავმისა და ზარალის თავიდან ასაცილებლად, ტრადიცია ოდნავ შეცვალეს და დღეს მხოლოდ წინასწარ დამტვრეული ჭურჭლის ნამსხვრევებს ყრიან მეზობლის კართან.
"გაფერადებული" ტრიუმფალური თაღი საფრანგეთში და ტაიმს-სკვერი ამერიკაში
ტრიუმფალური თაღის საზეიმო ფერებში განათების შემდეგ, რომელიც ფრანგებს ახალი წლის დადგომას აუწყებს, ოჯახის წევრები სადღესასწაულო ვახშამზე იკრიბებიან და პირველ რიგში "ახალი წლის ღამის მეფეს" ირჩევენ, რომელიც ოჯახის ის პატარა წევრი ხდება, ვინც პირველი იპოვის სადღესასწაულოდ გამომცხვარ ღვეზელში ლობიოს მარცვალს, მერე კი, ყველა ერთად ათვალიერებს ფრანგი თოვლის ბაბუს "პერ ნოელის" საჩუქრებს.
შეერთებულ შტატებში დღესასწაულის ცენტრად ნიუ-იორკი ითვლება, რადგან სწორედ Times Square-ს საათი აუწყებს ამერიკელებს ახალი წლის დადგომას, რომელსაც მძღოლები ავტომობილის სიგნალებით პასუხობენ, მოედანზე შეკრებილი ნიუ-იორკელები კი, დღესასწაულს ულოცავენ ერთმანეთს, რადგან საჩუქრებს ამერიკელები ტრადიციულად საშობაოდ ცვლიან, როცა მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ილხენენ სადღესასწაულო ვახშამზე. სხვათა შორის, 1895 წელს სწორედ ამერიკაში, თეთრი სახლის ეზო განათდა პირველად ელექტრო გირლანდით, რომელიც მოგვიანებით მთელ მსოფლიოში გავრცელდა.
ფინური ახალი წელი საუნაში, ოსპის წვნიანი ჩილეში და ყურძნის მარცვლები ესპანეთში
ფინელები, რომელთაც საუნებით გაითქვეს სახელი, ახალ წელსაც დედიშობილა ხვდებიან საკუთარ აბანოში, რადგან სჯერათ, რომ სწორედ იქ ბინადრობენ ოჯახის მფარველი კეთილი ელფები, ვისთან ერთადაც დღესასწაულს აღნიშნავენ. მანამდე კი, საგვარეულო საფლავებზე გადიან და ახალი წლის დადგომას პირველ რიგში გარდაცვლილ ნათესავებს ულოცავენ.
31 დეკემბერს წინაპრების საფლავზე გასვლის ტრადიცია აქვთ ჩილელებსაც. მეტიც, პატარა ქალაქების ბინადრები სიმღერითა და შეძახილებით აწყობენ კოლექტიურ მსვლელობას სასაფლაოზე ქალაქის მერის ხელმძღვანელობით, მერე კი, გულდასმით ალაგებენ სახლს რათა წლის მანძილზე დაგროვილი ნეგატიური ენერგიისგან გაწმინდონ და ადგილი გაუთავისუფლონ კეთილ ძალებს. საახალწლო ტრადიციად ითვლება 12 კოვზი ოსპის წვნიანის მირთმევაც 12 საათამდე, რასაც ჩილელების რწმენით წარმატება და ბედნიერება მოაქვს.
ესპანეთში კი, სადაც წარმოუდგენელია ახალი წლის დღესასწაული ღვინისა და ყურძნის გარეშე, სწორედ ყურძნის 12 მარცვალს მიირთმევენ საათის 12 დარტყმამდე, რადგან სჯერათ, რომ მხოლოდ ასე დაიბედებენ იღბალსა და წარმატებას ახალ წელს.