რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ.
არსებული ინფორმაციით, გაფიცულია 400-ზე მეტი თანამშრომელი.
მოთხოვნებია 1 თვის წინ გათავისუფლებულთა აღდგენა და ხელფასის 500 ლარით მომატება, ვინაიდან მათი ანაზღაურება არ შეესაბამება იმ მძიმე სამუშაოს, რომელსაც ისინი ასრულებენ.
თანამშრომლების თქმით, მათ დირექციას ამ მოთხოვნით 1 თვის წინ მიმართეს, ერთი კვირის წინ კი წერილობით აცნობეს, რომ თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა, გაიფიცებოდნენ.
„დღე და ღამე ადუღებულ ფოლადთან რომ მიდიხარ, როდის გადმოგესხმება, არ იცი და კაციშვილი ჩვენ მიმართ ყურადღებას არ იჩენს. რაღაც ხომ უნდა იყოს, პირობები ხომ უნდა გაუმჯობესდეს”. – თქვა „ტვ პირველთან” ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
„ხომ ჩვენი შრომით შოულობენ მილიონებს. რატომ არ უნდა გვქონდეს ჩვენ ის მინიმუმი, რომ საჭმლის, პურის ფული გვქონდეს და ბანკი გადავიხადოთ. გამოვდივართ და აქეთ გვაშინებენ”. – თქვა სხვამ.
თანამშრომლები ასევე ამბობენ, რომ დირექცია მათ არ ხვდება, დაცვის სამსახურის პირით კი უთვლის, რომ თუ ისინი 1 საათში სამუშაოს არ დაუბრუნდებიან, მათ წინააღდეგ სასამართლოს მიმართავენ.