„ტავ ჯორჯიას“ ინვესტიციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო ხომალდების მომსახურებისთვის დამატებითი სადგომები მოეწყო და ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა უკვე არსებული სადგომების ნაწილს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში 18 000 მ2 ფართობზე დიდგაბარიტიანი (Wide-body), ICAO-ს სტანდარტით F და E კოდების მქონე საჰაერო ხომალდების ახალი სადგომი მოეწყო. ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა 12 500 მ2 ტერიტორიას, რომელიც საშუალოგაბარიტიანი (Narrow-body), ICAO-ს სტანდარტებით C კოდის მქონე თვითმფრინავებისთვის არის გათვლილი.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, რეაბილიტირდა 3 500 მ2 ტერიტორიაზე განთავსებული ვერტმფრენების სადგომიც.
„აღნიშნულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში „ტავ ჯორჯიამ“, ინვესტიციის სახით, 6,5 მილიონი ლარი ჩადო. ბოლო 20 წლის განმავლობაში კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია, დღეის მდგომარეობით, 225 000 000 ამერიკულ დოლარს აღწევს“, – აღნიშნულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციაში.