ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე 14 თებერვალს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის ჰაერი ყველაზე დაბინძურებული თბილისსა და რუსთავშია.
ჰაერის ხარისხის პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში დაბინძურება ფიქსირდება მარშალ გელოვანის გამზირი №34 -ზე PM2.5-ს მაჩვენებელი 51.55 მკგ/მ3. აღმაშენებლის გამზ., №73ა -ზე PM2. 5-ის მაჩვენებელი 67.69 მკგ/მ3.
რუსთავშიც დაბინძურება ფიქსირდება 2 მისამართზე: მეგობრობის გამზ. №35ა-ზე PM2.5-ის მაჩვენებელი 61.67მკგ/მ3 და ბათუმის ქ., №19-ზე PM2. 5-ის მაჩვენებელი 81.96 მკგ/მ3, ხოლო PM10-ის 120.25 მკგ/მ3.
გარემოე ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11 თებერვლიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.
PM2.5-ის შემთხვევაში 50 მკგ/მ3-ს ზემოთ მაჩვენებელი ძალიან ცუდ მდგომარეობად ითვლება. PM10-ის შემთხვევაში კი 100 მკგ/მ3-ს ზემოთ.
PM დამბინძურებლები ჰაერში არსებული მცირე ნაწილაკებია, მტვერი ან სხვა მყარი ნაწილაკები, უმცირესი ზომის წვეთების ჩათვლით. მყარი ნაწილაკები ზომის მიხედვით ძირითადად ორი ჯგუფად იყოფა PM10 (მტვრის მყარი შეწონილი ნაწილაკები < 10 მკ-ზე)და PM2. 5 (მტვრის მყარი შეწონილი ნაწილაკები < 2.5 მკ-ზე).
აღნიშნულ მცირე ნაწილაკებს რამდენიმე წყარო აქვს ესაა: სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელები, დიზელის ძრავები, ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტრო სადგურები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი. ასევე, ე.წ. მეორადი მყარი ნაწილაკები წარმოიქმნება სხვადასხვა დამბინძურებლების ფოტოქიმიური რეაქციის შედეგად. საქართველოსთვის მყარი ნაწილაკების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ტრანსსასაზღვრო დაბინძურება. კერძოდ, ე.წ. აფრიკის მტვერი, რომელიც ძირითადად საჰარის უდაბნოს მტვრის, ევრაზიის კონტინენტზე გავრცელებას უკავშირდება. მსგავსი მტვრის შტორმი ხშირად ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე ძირითადად სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან.
რაც შეეხება ჯანმრთელობაზე ზეგავლენას, აღნიშნულმა ნაწილაკებმა სასუნთქი სისტემისა და თვალების გაღიზიანება შეიძლება გამოიწვიოს.