IV კვარტალში ცხოველთა/ფრინველთა სასაკლაოების რაოდენობა შემცირდა - როგორი იყო დატვირთვა?

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის IV კვარტალში საქართველოში ცხოველთა და ფრინველთა 114 სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 18.4% მდებარეობს კახეთის რეგიონში, 16.7% – შიდა ქართლის რეგიონში, ხოლო 15.8%– იმერეთში. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სასაკლაოების რაოდენობა შემცირებულია (2023 წლის მე-4 კვარტალში 124 სასაკლაო ფუნქციონირებდა).

მე-4 კვარტალში სასაკლაოებში 145.7 ათასი სული პირუტყვი დაიკლა, საიდანაც 29% – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. დაკლული პირუტყვების რაოდენობა 2023 წელთან შედარებით 6%-ით არის გაზრდილი.

გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობამ თითქმის 3.3 მლნ-ს მიაღწია. სასაკლაოების მიერ 2024 წლის IV კვარტალში 17.4 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 28 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 36% – ფრინველის ხორცზე, 34.8% კი ღორის ხორცზე. 2023 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ზრდა უმნიშვნელოა 0.4 ათასი ტონა.

სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა თითქმის არ შეცვლილა და 1 047 დარჩა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 37.2 ლარი, ღორის დაკვლის საფასური – 30.7 ლარი, ხოლო ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 12.5 ლარი.