კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის კვების აღდგენის პროცესი გართულების გარეშე მიმდინარეობს. მას ყოველდღიურად უტარდება გამოკვლევები.
„თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად. არის საკმაოდ მხნედ. ახლა კვების აღდგენის პროცესი მიმდინარეობს - ჩვენ ვიყენებთ საერთაშორისოდ აღიარებულ „რეფიდინგ“ პროტოკოლს, რაც მან უნდა მიიღოს. მას ეძლევა გარკვეული კალორაჟის მქონე საკვები. ყოველდღიურად უნდა გადამოწმდეს ლაბორატორიულად კვლევები“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს ზურაბ ჩხაიძე.
ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა მზია ამაღლობელმა პროტესტის ნიშნად დაწყებული შიმშილობა 38-ე დღეს, 18 თებერვალს შეწყვიტა.
ჟურნალისტს, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო, სინდისის პატიმრად მიიჩნევენ კოლეგები, უფლებადამცველი ორგანიზაციები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ევროკავშირი, ათობით საერთაშორისო ორგანიზაცია და არაერთი ქვეყნის მთავრობა.
ამაღლობელი ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, რაც, იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.
მან დაკავების მომენტიდან შიმშილობა დაიწყო. შიმშილობის 24-ე დღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მზია ამაღლობელი რუსთავის მე-5 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება.