ბათუმის ნაწილს წყალი არ მიეწოდება. "ბათუმის წყლის" ინფორმაციით, ბენზეს მიმართულებით წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური 1200 მმ-იანი მილი ორ ადგილზე დაზიანდა.
კომპანიის ცნობით, ერთ ადგილას აღდგენითი სამუშაოები უკვე დასრულებულია.
"ამ დროისთვის მილის სარემონტო სამუშაოები მდინარე ყოროლისწყლის თავზე მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოების გამო წყალმომარაგება შეეზღუდათ აეროპორტის გზატკეცილზე, ჰელიმიშის, ნიჟარაძის, ბაქოს, მაქაცარიასა და მაიაკოვსკის ქუჩებზე, მახინჯაურის დასახლებაში, ბენზეში, ბარცხანაში, წინსვლაში, ორთაბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, შესახვევებსა და ჩიხებში მცხოვრებ აბონენტებს", - იტყობინება "ბათუმის წყალი".
კომპანიის განცხადებით, წყალმომარაგება დღის ბოლომდე აღდგება.
ცნობისთვის, ბათუმში უკვე თითქმის ერთი კვირაა, რაც დიდთოვლობაა. სტიქიამ გადაადგილების და ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემებიც შექმნა.