საქართველოს რკინიგზა 270 მილიონ ლარად ლოკომოტივებს რუსეთში შეაკეთებს

საქართველოს რკინიგზა 270 მილიონ ლარად ლოკომოტივებს რუსეთში შეაკეთებს. კომპანიამ ტენდერი 2024 წლის 31 დეკემბერს გამოაცხადა და მასში გამარჯვებული უკვე გამოვლინდა. ხელშეკრულება კომპანია "გეორგიასთან" გაფორმდება, რომელიც საქართველოს რკინიგზას რუსული ქარხნების მომსახურებას სთავაზობს.

რემონტი საბჭოთა დროს გამოშვებულ 47 ლოკომოტივს უნდა ჩაუტარდეს.

ტენდერში "გეორგიას" გარდა, კიდევ ერთი მიმწოდებელი კომპანია "სკინესტ რეილ ჯორჯია" მონაწილეობდა, თუმცა მას საქართველოს რკინიგზის სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მიანიჭა. ეს უკანასკნელი რკინიგზას უკრაინის ლვოვის და ლატვიის დაუგავპლისის ქარხნების მომსახურებას სთავაზობდა. შეთავაზებული ფასი კი 266.8 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა რკინიგზის შეფასებით, წარდგენილ განაცხადში ტექნიკური ხარვეზები იყო, შესაბამისად, მას დისკვალიფიკაცია მიენიჭა.

შპს "გეორგიამ" კი წარსულში საქართველოს რკინიგზის სხვა მსხვილ შესყიდვებშიც გაიმარჯვა. 2024 წლის მარტში ის გამოვლინდა გამარჯვებულად ₾54-მილიონიან შესყიდვაში, სადაც ერთადერთი პრეტენდენტი იყო. ტენდერი 8 თბომავლის და 8 ელმავლის შეკეთებას შეეხებოდა. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები რუსეთში ჩელიაბინსკისა და მოსკოვის ქარხნების მიერ სრულდება.

შპს "გეორგიამ" 2023 წლის დეკემბერში ასევე გაიმარჯვა 13 ახალი ლოკომოტივის შესყიდვის ₾80.5-მილიონიან ტენდერში, რომლითაც კომპანია ვალდებული იყო საქართველოს რკინიგზისთვის მიეწოდებინა რუსული კომპანია Уральские локомотивы-ის მიერ წარმოებული ახალი ლოკომოტივები, თუმცა 2024 წლის აგვისტოში საქართველოს რკინიგზამ ამ შესყიდვის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ბიზნესრეესტრის თანახმად, შპს "გეორგია" 1995 წელს არის რეგისტრირებული და მისი 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი გელა ძიძიკაშვილია.

რაც შეეხება კომპანია "სკინესტ რეილ ჯორჯიას", ის ესტონელი ბიზნესმენის, ოლეგ ოსინოვსკის მიერ არის დაფუძნებული. კომპანია საქართველოში 2011 წლიდან საქმიანობს და ის ესტონური "სკინესტ რეილის" საკუთრებაშია.

კომპანიამ 2023 წელს გაიმარჯვა რელსების შესყიდვის ₾17-მილიონიან ტენდერში, ხოლო 2020 წელს საქართველოს რკინიგზისთვის ტრანსფორმატორების მიწოდების ₾10-მილიონიან ტენდერში.