2025 წლის 7 ოქტომბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 126-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეზღუდვა დაკავშირებულია სტეფანწმინდა-გველეთის (კმ0–კმ4) მონაკვეთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებთან, რაც ფერდის საექსკავაციო სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებს.
„სამუშაოების უსაფრთხოდ შესრულების მიზნით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ყოველდღიურად, დილის 06:00 საათიდან 10:00 საათამდე შეიზღუდება. დანარჩენ დროს ავტომანქანების გადაადგილება სავალ ნაწილზე სპეციალური რეჟიმით გაგრძელდება,“ — ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გზების დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, გადაადგილებისას გაითვალისწინონ აღნიშნული შეზღუდვები და დაიცვან საგზაო ნიშნებისა და რეგულაციების მოთხოვნები.