ევრო 2025-ზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქეები ცნობილია

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მეტოქეები გაირკვა.

ჩვენი გუნდი C ჯგუფში პორტუგალიასთან, საფრანგეთთან და პოლონეთთან ერთად მოხვდა.

პირველი ტურის მატჩს საქართველო 11 ივნისს ჟილინაში პოლონეთის ნაკრებთან გამართავს, მეორე ტურის შეხვედრაც ასევე ჟილინაში 14 ივნისს შედგება საფრანგეთთან, ხოლო ბოლო ტურში ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები ტრენჩინში პორტუგალიას 17 ივნისს დაუპირისპირდება.

ბრატისლავის ფილარმონია, „რედუტაში“ გამართულ ღონისძიებამდე ცნობილი იყო, რომ საქართველოს ნაკრები ბოლო, მეოთხე კალათაში იყო განთესილი. 16 გუნდი (ტურნირის მასპინძელი სლოვაკეთი და შესარჩევი ეტაპიდან მოხვედრილი 15 ნაკრები) ოთხ ჯგუფში კალათების მიხედვით გადანაწილდნენ.

წილისყრას ესწრებოდნენ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები, ალექსანდრე იაშვილი და კახა ჭუმბურიძე.

ევროპის ჩემპიონატი 2025 წლის 11 ივნისს დაიწყება და 28 ივნისს დასრულდება. პლეი ოფში თითოეული ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი გადის.

ევრო 2025-ის დანარჩენი სამი ჯგუფი ასე გამოიყურება:

A ჯგუფი: სლოვაკეთი, ესპანეთი, იტალია, რუმინეთი.
B ჯგუფი: ჩეხეთი, ინგლისი, გერმანია, სლოვენია.
D ჯგუფი: ნიდერლანდები, უკრაინა, დანია, ფინეთი.