ახლახან, 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, მოლდოვის რესპუბლიკის დედაქალაქ კიშინოვში გაიმართა ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატი ძიუდოში. ქართველმა ძიუდოისტებმა ტრიმფალურ გამარჯვებას მიაღწიეს და ევროპის 23-წლამდელთა შერეული გუნდური ასპარეზობის ჩემპიონები გახდნენ. საქართველოს სახელით ჩემპიონატში იასპარეზეს და მედლები მოიპოვეს - გიორგი ჯაბნიაშვილმა (90კგ, ოქროს მედალი), მათე ბერუაშვილმა (73კგ, ვერცხლი), მათე გოგობერიშვილმა (60კგ, ვერცხლი), ნინო ლოლაძემ (57კგ, ბრინჯაო), კოტე კაპანაძე (81კგ, ბრინჯაო), შალვა გურეშიძე (100 კგ, ბრინჯაო).
ამ უდიდეს წარმატებასთან ერთად სამწუხაროდ, ქართული სპორტული მედიის ყურადღების მიღმა (უკვე მერამდენედ) დარჩა კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი, რომელიც აზერბაიჯანის სახელით ასპარეზობდა და ევროპის ჩემპიონი გახდა. კიშინოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი თანამემემამულემ, აზერბაჯანის მოქალაქე ინგილო ქართველმა ისლამ რაჰიმოვმა (ძველი გვარი იაშვილი - 66 კგ.) ფინალში ჰოლანდიელი სპორტსმენი იოხემ ვან ჰარტენი დაამარცხა და ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
21 წლის ინგილო ქართველი ძიუდოისტი ზაქათალის რაიონის სოფელ მოსულიდანაა და როგორც აზერბაიჯანის ჩემპიონატის, ისე ევროპისა და არაერთი საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულია. საინგილოში დაბრუნებულ ჩემპიონს ისლამ რაჰიმოვს (იაშვილს) გახარებულმა თანასოფლელებმა ემოციური დახვედრა მოუწყვეს.
იმის გამო, რომ ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში მცხოვრებ ეთნიკური ქართველების უმრავლესობას (იშვიათი გამონაკლისის გარდა) საბჭოთა პერიოდში პასპორტებში ძველი ინგილოური, ქართული გვარები აზერბაიჯანული გვარებით შეუცვალეს, ინგილო ქართველი სპორტმენების წარმატებები აზერბაიჯანისა თუ საერთაშორისო ასპარეზზე ქართული საზოგადოებისა და მედიის ფოკუსში პრაქტიკულად ვერ ხვდება.
სპორტის გულშემატკივრებს დღემდე ახსოვთ 2018 წელს, რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ინგილო ქართველი მოკრივის - სურაჯ გასანოვის (ძველი გვარი ფოლადაშვილი) საოცარი და უპრეცენდენტო პატრიოტული ჟესტი - მას შემდეგ რაც მან რუსი მეტოქე დაამარცხა და M1-ის გამარჯვებული გახდა, საქართველოს დროშა ააფრიალა და კამერას „საქართველოს გოუმარჯოს!“ ჩასძახა. ეს ამბავი მაშინვე აიტაცა ქართულმა სპორტულმა მედიამ, თუმცა სამწუხაროდ ეს ისტორია დღემდე პრაქტიკულად ერთადერთ გამონაკლისად რჩება.
ზაქათალის რაიონის სოფელ მოსულში 3000-მდე ჩვენი თანამემულე ცხოვრობს (მოსახლეობის 99% ეთნიკური ქართველია).
ისლამ რაჰიმოვმა (იაშვილი) ზაქათალის რაიონის სოფელ მოსულის სკოლის ქართული სექტორი დაამთავრა და ამავე სოფლის ძიუდოს სკოლის აღზრდილია (მთავარი მწვრთნელი აბდურაჰიმ ალახვერდიევი). ინგილო ძიუდოისტი აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებთან ერთად სრულყოფილად ფლობს მშობლიურ ქართულ ენას.
სტატიის ავტორი: გიორგი კერესელიძე
