სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს ანტიდოპინგურმა სამმართველომ დაადგინა, რომ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზისა და ევროპის სამგზის ჩემპიონმა, ზურაბ დათუნაშვილმა დოპინგის წესები დაარღვია, რის გამოც 5-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. გარდა ამისა, დათუნაშვილს, რომელიც 2019 წლიდან, სერბეთის სახელით ასპარეზობდა, 2021 წლის 27 მაისის შემდეგ მიღებულ ყველა მედალს ართმევენ. როგორც ირკვევა, გადაწყვეტილება დათუნაშვილმა ნაწილობრივ გაასაჩივრა.
ყველაფერი კი ასე დაიწყო: 2023 წლის 11 აპრილს, დათუნაშვილს შარდის შეცვლისა და ყალბი მტკიცებულებების გამოყენების გამო, დროებითი დისკვალიფიკაცია მიესაჯა. ფაქტი 2022 წლის 6 იანვარს დაფიქსირდა, როცა მოჭიდავის მოძებნა ვერ მოხერხდა. 2023 წლის 22 ნოემბერს, საქმე სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს ანტიდოპინგურ სამმართველოს გადაეცა, მოსმენა კი 2024 წლის 1 და 2 ივლიის გაიმართა.
2024 წლის 10 სექტემბერს, მტკიცებულებების განხილვის შემდეგ დადგინდა, რომ დათუნაშვილმა დოპინგის წესები დაარღვია და სპორტსმენი 5-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. გარდა ამისა, მის მიერ 2021 წლის 27 მააისიდან, 2023 წლის 11 აპრილის ჩათვლით დაფიქსირებული ყველა შედეგი გაუქმებულია. დათუნაშვილმა აპელაცია შეიტანა და მხოლოდ შარდის სინჯის შეცვლის ბრალდება გაასაჩივრა. შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მედლების გადანაწილების პროცესი დროებით შეჩერებულია.
იმ შემთხვევაში, თუ დათუნაშვილს ბრალდებადაუმტკიცდება, მას სერბეთის სახელით მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს 2 მედალი და ოლიმპიადაზე მოპოვებული ბრინჯაო ჩამოერთმევა.