გიორგი შერმადინმა საქართველოს ნაკრებში კარიერის დასრულებაზე კომენტარი გააკეთა. გამოცდილი კალათბურთელი ეროვნული გუნდის ღირსებას 2006 წლიდან იცავდა, ახლა კი ამბობს, რომ დროა, გზა ახალგაზრდებს დაუთმოს.
ბოლო შეხვედრებს შერმადინი 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართავს – 27 ნოემბერს თბილისში, უკრაინის წინააღმდეგ და 30 ნოემბერს ტენერიფეში, ესპანეთთან.
„მინდა, უკრაინასთან ეს უმნიშვნელოვანესი მატჩი კარგად დავასრულოთ და ქართველ გულშემატკივარს გამარჯვებით დავემშვიდობო. იმედია, ბევრი ადამიანი მოვა, გვერდში დაგვიდგება და წარმატებას ერთად ვიზეიმებთ.
იწყება ახალი შესარჩევი ციკლი და ჩვენს ნაკრებს აქვს კარგი შანსი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოს. ჯერ თბილისში ვითამაშებ, შემდეგ კი – ტენერიფეში, ქალაქში, სადაც შვიდი წელია, ვასპარეზობ. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს წლების მანძილზე გვერდში დგომისთვის.
ჩვენი გუნდისთვის ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებდი. იყო როგორც კარგი მომენტები, ისე ჩავარდნებიც, თუმცა ნაკრებში თამაშზე არასდროს მითქვამს უარი, რადგან ეროვნული გუნდი ჩემთვის ყოველთვის ყველაზე პრიორიტეტული იყო.
რა თქმა უნდა, ეს რთული გადაწყვეტილებაა. გულის სიღრმეში ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ახლა კი ვთვლი, რომ საქართველოს ნაკრებს უნდა დავემშვიდობო, ხოლო ადგილი ახალგაზრდა კალათბურთელებს დავუთმო“, – თქვა შერმადინმა.
გიორგი შერმადინის ბოლო საშინაო მატჩი საქართველოს ეროვნული გუნდის მაისურით უკრაინის წინააღმდეგ 27 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
