საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯიკიჩმა უკრაინასთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.
განაცხადში 12 კალათბურთელია, მათ შორის კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელიც გუნდს მატჩის დღეს, 27 ნოემბერს, დღის პირველ ნახევარში შეუერთდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
რატი ანდრონიკაშვილი, კახაბერ ჯინჭარაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, გიორგი ტურძილაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, თად მაკფადენი, ლუკა მაზიაშვილი, მათე ხატიაშვილი.
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ჯგუფში უკრაინასთან, ესპანეთსა და დანიასთან ერთად ითამაშებს. თითოეული გუნდი ექვს მატჩს ჩაატარებს, ხოლო მეორე ჯგუფურ ეტაპზე სამი საუკეთესო გადაინაცვლებს.
მსოფლიო ჩემპიონატი კატარში 2027 წლის 27 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.
საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების მატჩი თბილისში 27 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ეთერში პირველი არხი შემოგთავაზებთ. აღნიშნულ შეხვედრაში ქართველი გულშემატკივარი ეროვნული ნაკრებიდან გიორგი შერმადინს გააცილებს.
