პიერ-ანრი ბრონკანი ქართულ რაგბის წინსვლაში დაეხმარება - დავით კაჭარავა

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, დავით კაჭარავამ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად ფრანგი სპეციალისტის, პიერ-ანრი ბრონკანის დანიშვნის შესახებ კომენტარი გააკეთა.

„პიერ-ანრი ბრონკანი გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტია, რომელსაც მთავარი მწვრთნელის რანგში ძლიერ გუნდებში უმუშავია, სანაკრები დონეზე კი 2023 წელს, მსოფლიო თასზე ავსტრალიის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი იყო. ის მშრომელი, მაღალი დონის პროფესიონალია და დარწმუნებული ვარ, ქართულ რაგბის წინსვლაში დაეხმარება.

იქიდან გამომდინარე, რომ ქართველი ლეგიონერების დიდი უმრავლესობა საფრანგეთში თამაშობს, ვფიქრობ, ფრანგი მწვრთნელის დანიშვნა მნიშვნელოვანია. ბრონკანი კარგად იცნობს ჩვენი მოთამაშების შესაძლებლობებს, არაერთ მათგანთან პირადადაც უმუშავია, მას ყოველთვის აინტერესებდა ქართველი მორაგბეები.

მისი ასისტენტი იტალიელი მარკო ბორტოლამი, იტალიის ნაკრების კაპიტანი იყო, წვრთნიდა იტალიურ „ბენეტონს“, ბოლოს „სეილ შარქსის“ მთავარი მწვრთნელი გახლდათ. მან ძალიან კარგად იცის იტალიის რაგბის შიდა სამზარეულო, თითოეული მორაგბის შესაძლებლობები და ვფიქრობ, ამ დეტალების ცოდნა დაგვეხმარება იმ გამარჯვების მიღწევაში, რომელიც ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანია.

მწვრთნელების მიმართა მთავარი მოთხოვნა გუნდის ფორმირება და თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაა. მსოფლიო თასამდე დარჩენილი დრო სწორად უნდა გამოვიყენოთ, რათა ყველა ჩვენგანისთვის სასურველი შედეგი მივიღოთ“, – განაცხადა დავით კაჭარავამ.