საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს დანიაში გამართავს

დღეს, 27 თებერვალს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს დანიაში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ელის. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 21:30 საათზე შემოგთავაზებთ. A ჯგუფის კალენდარი ისეა შედგენილი, რომ თებერვლის ფანჯარაში ჩვენი გუნდი მეორე შეხვედრასაც დანიასთან გამართავს, ოღონდ ამჯერად თბილისში, 2 მარტს.

სწორედ ამ ორ მატჩზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ბედი: ოთხგუნდიან ჯგუფში (ესპანეთი, უკრაინა, საქართველო, დანია) საქართველოსა და დანიას ორ-ორი მატჩი აქვთ ჩატარებული და ჯერ გამარჯვება არ მოუპოვებიათ. ჯგუფიდან კი სამი საუკეთესო გადის.

A ჯგუფიდან გასული სამი ნაკრები მომდევნო ეტაპზე B-ს ტრიოს შეუერთდება და სწორედ მეორე ეტაპის ექვსგუნდიანი ჯგუფის საუკეთესო სამეული მოიპოვებს მსოფლიო ჩემპიონატს საგზურს. გუნდებს პირველ ჯგუფში მოპოვებული ყველა ქულა გადაჰყვებათ, ამიტომაცაა მნიშვნელოვანი დანიასთან შინ და გარეთ მოგებები.

დანია

თებერვალი-მარტის ფანჯრისთვის დანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობა დაასახელა. გუნდს ვერ დაეხმარებიან ევროლიგის კალათბურთელები შეივონ შილდსი და იფე ლუნდბერგი.

ადამ ჰეედე-ანდერსენი (სვენდბორგი), დანე ერიკსტრუპი (გრონინგენი, ნიდერლანდები), დავიდ კრისტენსენი (ზამორა, ესპანეთი), ოგბემუდია უაგბოე (ბლუ ჰოუკსი), გუსტავ კნუდსენი (მანრესა, ესპანეთი), ჯონათან კლუსმანი (პადერბორნი, გერმანია), კევინ ლარსენი (ალიკანტე, ესპანეთი), ტობიას იენსენი (ულმი, გერმანია), ზარკო ჯუკიჩი (რეიკიავიკი, ისლანდია), მაგნუს მოლგაარდი (ბაკენ ბეარსი), გუსტავ-დრეიერ ერიკსენი (ბლუ ჰოუკსი), სილვესტერ პედერსენი (ბაკენ ბეარსი).


საქართველო

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ნოემბერში დაიწყო, თუმცა დამარცხდა უკრაინასთან და ესპანეთთან. ამ მატჩებში გუნდს დაეხმარა ვეტერანი ცენრტი გიორგი შერმადინი, რომელმაც სანაკრებო კარიერა სწორედ გასულ შემოდგომაზე დაასრულა და ახლა ჩვენს გუნდს შერმადინის გარეშე მოუწევს თამაში.

თუმცა „ჯვაროსნებში“ ახალი სახეა – მარკის რიდი. იგი თურქული „ტრაბზონსპორის“ უკანახაზელია. აღსანიშნავია, რომ რიდი 2023/24 და 2024/25 წლებში თურქეთის ლიგის საუკეთესო მექულე გახდა და ამ მხრივ ჩემპიონატში წელსაც ლიდერია.

2024/25 წელს ის FIBA Europe Cup-ის საუკეთესო მექულეც გახდა და თურქეთის ლიგის MVP-ის ტიტულიც დაიმსახურა.

ასევე პირველად მოხვდნენ 12-კაციან განაცხადში ალექსანდრე მერკვილაძე და ვილი ისიანი. ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო გუნდს ბოლო მომენტში გამოაკლდა „გრანადის“ ფორვარდი ბექა ბურჯანაძე.

დუდა სანაძე (მალიორკა LEB, ესპანეთი), მათე ხატიაშვილი (ბასკონია, ესპანეთი), გიორგი კორსანტია (გიპუზკოა, ესპანეთი), რატი ანდრონიკაშვილი (ალფტანესი, ისლანდია), ალექსანდრე მერკვილაძე (ოსტენდე, ბელგია), თორნიკე შენგელია (ბარსელონა, ესპანეთი), გიორგი ოჩხიკიძე (ბათუმი), კახა ჯინჭარაძე (ქუთაისი), ალექსანდრე ფევაძე, გიორგი ტურძილაძე (ორივე თსუ), ვილი ისიანი (რუსთავი), მარკის რიდი (ტრაბზონსპორი).

მწვრთნელი: ალექსანდრ ჯიკიჩი.

 

ურთიერთშეხვედრები

საქართველოს ნაკრებს დანიასთან 6 მატჩი აქვს ჩატარებული და 4 მოგებული.

პირველი ურთიერთშეხვედრა 1995 წელს შედგა და ქართველებმა პირველი გამარჯვებაც სწორედ მაშინ მოიპოვეს – 97:86. ამ მატჩს საინტერესო ისტორია ახლდა: ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპი ინგლისის ქალაქ ბირმინგემში გაიმართა. გუნდები სასტუმროდან დარბაზამდე ერთი ავტობუსით მგზავრობდნენ. თამაშის დღეს დანიელები დროზე ადრე ჩავიდნენ, ავტობუსში მოკალათდნენ და მძღოლს ტრანსპორტის დაძვრა მოსთხოვეს,  ქათველებს არ დაელოდნენ. ჩვენი ნაკრები სასტუმროდან რომ გამოვიდა, ავტობუსი აღარ დახვდა და დარბაზამდე ტაქსებით მოუწია მგზავრობა. დანიელების ნაბიჯმა ჩვენს კალათბურთელებს გამარჯვებისკენ დამატებითი სტიმული მისცა.

„ჯვაროსნებმა“ ამ გუნდთან ბოლოს 2024 წლის თებერვალში ითამაშეს – თბილისის სპორტის სასახლეში საქმე მარტივად იყო: რომელი ნაკრებიც მოიგებდა, ევრობასკეტი 2025-ზეც ის ითამაშებდა. ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდმა დანია 62:60 დაამარცხა და ისტორიაში მეექვსედ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე.