საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მესამე მატჩი გამართა. ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი დანიას ესტუმრა და 89:71 გაიმარჯვა.
ოთხგუნდიანი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე სამი გადის. საწყის ორ მატჩში განცდილი ორი მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრებს მომდევნო ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად, პირველ რიგში დანიის გადასწრება სჭირდება.
„კალათბურთელებს კარგად ესმით მატჩის მნიშვნელობის შესახებ. მაქსიმალური ენერგია უნდა ჩავდოთ და გამოვიყენოთ ჩვენი ათლეტურობა“, – განაცხადა „ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა.
როდესაც „ენერგიის ჩადებაზეა“ ლაპარაკი, უნდა ვახსენოთ თორნიკე შენგელია, რომელმაც 25 თებერვალს ევროლიგაზე „ბარსელონას“ მაისურით ითამაშა, 26-ში კოპენჰაგენში გადაფრინდა და 27-ში დანიის წინააღმდეგ ითამაშა. თან როგორ – ძალიან მძიმე პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებმა 7-ქულიანი უპირატესობა რომ მოიპოვა (39:32), სწორედ კაპიტნის დამსახურება იყო, რომელმაც საწყის 20 წუთში 18 ქულა ჩააგდო.
პირველ ტაიმში როგორც ერთ, ასევე მეორე გუნდს პერიმეტრიდან ტყორცნები არ მისდიოდა. საქართველოს ნაკრებს 8-დან 2 სამიანი ჰქონდა ჩაგდებული, დანიას – 12-დან 2. თამაშის ბედი სწორედ სამქულიანებმა მესამე პერიოდში გადაწყვიტა. 10-წუთიან მონაკვეთში საქართველოს ნაკრებმა 12 სამიანი სტყორცნა და 8 ჩააგდო. აქედან ოთხი ალექსანდრე მერკვილაძის ანგარიშზეა. 23 წლის ახალგაზრდა ქუთაისელს კარიერის დიდი ნაწილი კოლეჯების ლიგაში აქვს გატარებული და ევროპაში პროფესიული კალათბურთის სათამაშოდ ამ სეზონში დაბრუნდა. მერკვილაძეს მესამე პერიოდში 4-დან 4 სამქულიანი ჰქონდა. ყველაზე მთავარი – ეს მისი სადებიუტო მატჩი იყო საქართველოს ნაკრებში.
დუდა სანაძემ სამი, გიორგი ოჩხიკიძემ ერთი სამიანი მიაყოლეს და საქართველოს ნაკრებმა მეოთხე პერიოდის წინ სოლიდური უპირატესობა მოიპოვა – 77:47. ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა.
ბოლო რაუნდში საქართველოს ნაკრებმა მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
საინტერესოა ისიც, რომ ალექსანდრე მერკვილაძის გარდა საქართველოს ნაკრებში დებიუტი კიდევ ორ კალათბურთელს ჰქონდა – ვილი ისიანს და ამერიკელ მარკის რიდს. მან მატჩი 18 ქულითა და 5 პასით დაასრულა.
ჩვენი გუნდი მომდევნო მატჩს ისევ დანიასთან, 2 მარტს თბილისში გამართავს. შეხვედრა ახალ სპორტის სასახლეში 21:00 საათზე დაიწყება.
