„ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა

ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტი გახდა მილანის „ინტერი“ რომელმაც დრამატულ განმეორებით ნახევარფინალში დამატებით დროში 4:3 დაამარცხა „ბარსელონა“. პირველი შეხვედრა ბარსელონაში 3:3 დასრულდა.

საპასუხო მატჩის პირველი ტაიმი „ინტერმა“ 2:0 მოიგო და დიდი ნაბიჯი გადადგა ფინალისკენ.

21-ე წუთზე ლაუტარო მარტინესმა დენზელ დუმფრიზის პასით გახსნა ანგარიში. არგენტინელისთვის ეს იყო მეცხრე გოლი ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში, რითაც „ინტერის“ რეკორდი გაიმეორა, რომელიც ერნან კრესპოს ეკუთვნოდა.

პირველი ტაიმის ბოლოსკენ „ბარსელონას“ კარში პენალტი დაინიშნა – მსაჯმა VAR-ის ჩარევის შემდეგ დანიშნა 11-მეტრიანი პაუ კუბარსის დარღვევის შემდეგ ლაუტარო მარტინესზე. პენალტი 45-ე წუთზე ჰაქან ჩალჰანოგლუმ გამოიყენა.

ისევე როგორც პირველ მატჩში, „ბარსელონამ“ შეძლო ორბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ გათანაბრება. 54-ე წუთზე ჟერარ მარტინის ჩაწოდების შემდეგ ერიკ გარსიამ შეამცირა სხვაობა.

მე-60 წუთზე მარტინმა მეორე საგოლე პასი შეასრულა, ანგარიში კი დანი ოლმომ გაათანაბრა.

87-ე წუთზე „ბარსელონა“ ორრაუნდიან დაპირისპირებაში პირველად გავიდა წინ. იან ზომერმა რაფინიას პირველ დარტყმა მოიგერია, მაგრამ ბრაზილიელმა თავად დაამატა. რაფინიამ ამ ჩემპიონთა ლიგაზე მე-13 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირთა ბრძოლაში ლიდერ სერუ გირასის გაუთანაბრდა.„ბარსელონას“ დაახლოებით ორი წუთი არ ეყო ფინალში გასასვლელად. მესამე კომპენსირებულ წუთზე დუმფრიზმა მეორე საგოლე პასი შეარულა და ფრანჩესკო აჩერბიმ ანგარიში გაათანაბრა, რითაც ნახევარფინალური დაპირისპირება დამატებით დროში გადაიყვანა.

ოვერტაიმში ორი მატჩის ჯამში „ინტერი“ კიდევ ერთხელ გავიდა წინ. 99-ე წუთზე მარკუს ტურამმა საჯარიმოში ტექნიკურად ითამაშა, შეტევა მეჰდი თარემიმ გააგრძელა და დავიდე ფრატეზიმ დაასრულა ზუსტი დარტყმით – 4:3 და ორი მატჩის ჯამში 7:6.