კვარაცხელია, კალაძე და ფაჩულია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგინეს

გვინდა, ხვიჩა კვარაცხელია წარვადგინოთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე, ვფიქრობ, ეს არის ძალიან დამსახურებული ჯილდო, რომელსაც ის მიიღებს სახელმწიფოსგან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება კიდევ ერთხელ მიულოცა.

 

„ეს არის უმაღლესი მწვერვალი ფეხბურთში და, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანისთვის არის განსაკუთრებული სიამაყის საგანი. ჩვენი ქვეყნის გამარჯვება - ასე აღიქვა თითოეულმა გულშემატკივარმა მისი გამარჯვება და გარდა იმისა, რომ ვულოცავთ, მადლობაც უნდა გადავუხადოთ მას იმ გამარჯვებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ უმაღლესი მწვერვალებისა, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელია კიდევ ბევრჯერ დაიპყრობს. მინდა, მას სამომავლოდაც ძალიან დიდი წარმატებები ვუსურვო. ჩვენ გვაქვს ტრადიცია, როდესაც მაღალ მწვერვალებს იპყრობენ ჩვენი სპორტსმენები, წარვადგენთ ხოლმე მათ უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე და ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის მოგება არის ზუსტად ის წარმატება, რაც ასეთ დაფასებას იმსახურებს. მან, ნაკრებთან ერთად მიღებული წარმატებისთვის, გასულ წელს, მიიღო ღირსების ორდენი და ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის გვინდა, წარვადგინოთ ხვიჩა კვარაცხელია  წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. ვფიქრობ, ეს არის ძალიან დამსახურებული ჯილდო, რომელსაც ის მიიღებს სახელმწიფოსგან. ამასთან დაკავშირებით გვქონდა კონსულტაციები საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ერთხმად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. საქართველოს პრეზიდენტი მას დააჯილდოვებს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი - წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილებისთვის - კახა კალაძისა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენის თაობაზე.

 

„ჩვენ გვყავს ასევე ორი სპორტსმენი, რომელთაც უმაღლეს საკლუბო ტურნირებში აქვთ მიღებული უმაღლესი ჯილდო. ესენი არიან - კახა კალაძე, რომელსაც ორჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა და ზაზა ფაჩულია, რომელსაც სამჯერ აქვს მიღებული უმაღლესი საკალათბურთო საკლუბო ტურნირი - NBA, ორჯერ, როგორც კალათბურთელს და ერთხელ - როგორც მენეჯერს. გადავამოწმეთ და მათ არ აქვთ მიღებული ანალოგიური ჯილდოები, ვფიქრობ, რომ დაგვიანებით, მაგრამ მათი ეს წარმატება უნდა დავაფასოთ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ბატონი კახა კალაძე და ბატონი ზაზა ფაჩულიაც წარვადგინოთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს ერთად მიღებული ამ გადაწყვეტილებისთვის,“- განაცხადა პრემიერმა,“- განაცხადა პრემიერმა.

 

ჩვენ ვაინიცირებთ სპორტული ინფრასტრუქტურის სპეციალურ პროგრამას, რომლის მიზანია სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს შეეხება, როგორც საჯარო სკოლებთან  არსებულ სპორტულ მოედნებს, ასევე სხვა საჯარო მიწის ნაკვეთებს, რომლებიც ამ ფუნქციით შეიძლება დაიტვირთოს. 

„არაერთი ობიექტია მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, სასკოლო ინფრასტრუქტურა, სკოლებს აქვთ, მაგალითად სპორტული მოედნები, მათ შორის, 100-მეტრიანი სტანდარტული მოედნები, რომლებიც დღეს სავალალო მდგომარეობაშია. მარტო თბილისში   არის 20 ასეთი სასკოლო სტადიონი, რომელთაც სჭირდებათ რეაბილიტაცია. გვინდა, ეს რესურსი მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენოთ. შესაბამისად, ვაანონსებთ ახალ პროგრამას, რომელიც ხელს შეუწყობს მასობრივი  და მაღალი მიღწევების სპორტის კიდევ უფრო მეტად განვითარებას, ასევე ბავშვთა სპორტის განვითარებას. ეს შეეხება, როგორც საჯარო სკოლებთან  არსებულ სპორტულ მოედნებს, ასევე სხვა საჯარო მიწის ნაკვეთებს, რომლებიც ამ ფუნქციით შეიძლება დაიტვირთოს. 
პროგრამის არსია, რომ ინვესტიციის სანაცვლოდ, ანუ თუ თავის თავზე აიღებს ინვესტორი შესაბამისი სივრცის, მიწის ნაკვეთის რეაბილიტაციას და სპორტული ინფრასტუქტურის, სპორტული მოედნების მოწყობას, მათ 20 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით გადავცემთ იჯარით შესაბამის მიწის ნაკვეთებს. 10 წლის განმავლობაში ისინი გადაიხდიან იჯარის სიმბოლურ საფასურს და შემდეგი 10 წლის განმავლობაში - იჯარას საბაზრო ღირებულების შესაბამისად. რეალურად, 10 წელი ვათავისუფლებთ გადასახადისგან სწორედ ინვესტიციის სანაცვლოდ. ამ ყველაფერში მონაწილეობის საშუალება ექნება ნებისმიერ მეწარმე სუბიექტს, რომელსაც ექნება წარმოდგენილი საინვესტიციო პროექტი და შესაბამისი საბანკო გარანტია“, -  განაცხადა პრემიერმა. 
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, როდესაც საქმე ეხება სასკოლო სივრცეს, სასწავლო პერიოდში, სკოლა, ბუნებრივია, ისარგებლებს საზღაურის გარეშე შესაბამისი ინფრასტრუქტურით,  ინვესტორი ვალდებული იქნება, რომ სკოლას სასწავლო პერიოდში ინფრასტრუქტურა უფასოდ დაუთმოს. 
„მოთხოვნა ძალიან დიდია ბავშვებში, განსაკუთრებით ფეხბურთის კუთხით არის ძალიან დიდი ინტერესი და მიწოდება ვერ პასუხობს მოთხოვნას. ჩვენ ვხარჯავთ სახელმწიფო რესურსებს ასეთი ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ამ შემთხვევაში, შეგვიძლია ინვესტორები წავახალისოთ, რომ თავად დახარჯონ საკუთარი რესურსები და ამით შეგვიძლია მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ინფრასტუქტურის განვითარებას, ბავშვთა სპორტის წახალისებას არამარტო ფეხბურთის სფეროში, რაგბი, სხვა მიმართულებითაც შეიძლება დაიტვირთოს ეს სივრცეები. ვფიქრობ, ეს იქნება მაქსიმალურად ეფექტიანი პროგრამა, რომელიც კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს. უახლოეს დღეებში დაანონსდება ეს პროგრამა და ნებისმიერ დაინტერესებულ მეწარმე სუბიექტს შეეძლება მასში მონაწილეობა. ჩვენ შეგვიძლია, საქართველო ვაქციოთ ახალ ხორვატიად სპორტის კუთხით, პატარა ქვეყანა უმაღლესი სპორტული მიღწევებით. გვაქვს შესაბამისი ტალანტი და ვფიქრობ, რომ ამის მაქსიმალურად გამოყენება აუცილებელია. ეს მასობრივი პროგრამა, რომელსაც გთავაზობთ, ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.