კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 69 ოჯახს დიდ დიღომში საცხოვრებელი ფართები გადაეცა - მერია

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 69 ოჯახს დიდ დიღომში, კომპლექს „პერსპექტივა 2-ში“ საცხოვრებელი ფართები გადაეცა - ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

„ადამიანები წლების განმავლობაში შრომობდნენ, აგროვებდნენ თანხას, არ ზოგავდნენ საკუთარ თავს, რათა ჰქონოდათ საკუთარი სახლი - ადგილი, სადაც მათ შვილებს უსაფრთხო და ბედნიერ გარემოში შეეძლებოდათ ცხოვრება. მათ საკუთარი დანაზოგი კოოპერატიულ ბინათმშენებლობაში ჩადეს, მაგრამ მშენებლობები შეჩერდა და მათი ოცნებები განხორციელების გარეშე დარჩა. ამიტომ, დღევანდელი დღე განსაკუთრებულია ყველასთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროგრამას, რომელიც მისი 2017 წლის წინასაარჩევნო დაპირება იყო, უკვე კონკრეტული ხელშესახები შედეგი აქვს. კერძოდ, 3 500-მდე დაზარალებული ოჯახიდან 2 500-ზე მეტი უკვე დაკმაყოფილებულია. ამასთან, ინტერესთა გამოხატვა გამოცხადებულია 33 პროექტზე, რომელთაგან 29-ზე სამშენებლო ნებართვა გაცემულია და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, წლის ბოლომდე კი კიდევ 12 პროექტის დასრულება იგეგმება, რის შედეგადაც დამატებით 600-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება.

„აქვე მინდა, ყველა იმ ადამიანს მივმართო, ვინც მოლოდინის რეჟიმშია, აუცილებლად ყველა ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული. არცერთი ადამიანი არ დაგვრჩება, ვინც საკუთარ სახლს ვერ მიიღებს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

საცხოვრებელი ბინების გასაღებები მოქალაქეებს თბილისის მერმა კახა კალაძემ, ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ გიორგი კობიაშვილთან ერთად გადასცა და ახალმოსახლეობა მიულოცა.

როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ: „პერსპექტივა 2-ის“ მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა 2022 წლის სექტემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდა. პროექტის ფარგლებში აშენდა 417-ბინიანი საცხოვრებელი კორპუსი, სადაც სრულად არის დაცული ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტები, მიმდებარედ კი კეთილმოწყობილი ეზო და რეკრეაციული სივრცე მოეწყო.

შეგახსენებთ, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილების პროგრამა თბილისის მერიამ 2018 წელს დაიწყო.