ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბაქო-თბილისის სამგზავრო მატარებელი მიმოსვლის მაისიდან დაიწყებს.
უწყების ცნობითვე, დღეს, 18 თებერვალს, "ქართული ოცნების" მთავრობის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრ რაშად ნაბიევს შეხვდა.
"შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „შუა დერეფნის“ მზარდ როლს და იმ ღონისძიებებს, რომლებიც მხარეთა აქტიური ჩართულობით ხორციელდება მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით.
როგორც აღინიშნა, ეს ქვეყნებს მეტი დამატებითი ღირებულების შექმნის საშუალებას მისცემს. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამგზავრო-სარკინიგზო მიმოსვლის გახსნის საკითხი, რომელიც მიმდინარე წლის პირველი მაისიდან დაიწყება", - წერია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სარკინიგზო მიმოსვლის მიმოსვლის აღდგენაზე ინფორმაცია თავდაპირველად აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე აზერბაიჯანს საქართველოსთან და სხვა მეზობელ ქვეყნებთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილი აქვს.