საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს უმუშევრობის დონე 13.9%-მდე შემცირდა, რაც რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია. წინა წელთან შედარებით უმუშევრობის დონე 2.5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. სტატისტიკა აჩვენებს, რომ უმუშევრობა ქვეყანაში ბოლო წლებში იკლებდა და გამონაკლისი მხოლოდ პანდემიური 2021 წელი იყო, როცა უმუშევრობის დონემ 20%-ს გადააჭარბა, რაც კოვიდ პანდემიას უნდა უკავშირდებოდეს.
უმუშევრობის დონე ბოლო ხუთ წელში:
- 2019 წელი - 17.6%
- 2020 წელი - 18.5%
- 2021 წელი - 20.6%
- 2022 წელი - 17.3%
- 2023 წელი - 16.4%
- 2024 წელი - 13.9%
2024 წელს უმუშევრობა ქალაქში სოფელთან შედარებით მცირედით მაღალი იყო. სოფელში უმუშევრობის დონე 13.3% შეადგინა, ხოლო ქალაქში - 14.4%. შარშან დაქირავებით დასაქმებული იყო 960 ათასზე მეტი პირი, ხოლო თვითდასაქმებულად 441.5 ათასი ადამიანი ითვლებოდა. ანუ ჯამში ქვეყანაში დაახლოებით 1.4 მლნ ადამიანი იყო დასაქმებული, ხოლო 227 ათასი უმუშევარი.
უშუალოდ მე-4 კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წლიურად 1.1 პროცენტული პუნქტით 14.2%-მდე შემცირდა. მე-4 კვარტალში დაქირავებულთა რაოდენობა 20 ათასით 978.5 ათასამდე გაიზარდა, ასევე 19.7 ათასით გაიზარდა თვითდასაქმებულთა რიცხვი და 433 ათასს გადააჭარბა.
ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 14.7 ათასით და 234 ათასამდე იყო შემცირებული.