"ადამიანებისთვის სისხლისსამართლებრივი სანქციის ტოლფასი ზომების შეფარდება ტრაგიკული მოვლენაა" - ირაკლი კობახიძე

ინგლისში ვითარდებოდა თანამედროვე სამართლებრივი პრინციპები ისტორიულად და დღეს, ასეთი ტრადიციების მქონე ქვეყანაში, ყოველგვარი მტკიცებულებისა და ფაქტის გარეშე ადამიანებს უფარდებენ, პრაქტიკულად, სისხლისსამართლებრივი სანქციის ტოლფას ზომებს, ეს არის ტრაგიკული მოვლენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანტალიაში, ბრიტანეთის სანქციებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. მისივე თქმით, ეს არის ტრაგიკული მოვლენა ინგლისის ისტორიიდან გამომდინარე, რაზეც საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ მწუხარება გამოთქვას. „ეს არის უბრალოდ გაუგონარი მოვლენა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის ჯონ ლოკისა და სხვა დიდი მოაზროვნეების ქვეყანა, ინგლისში ვითარდებოდა თანამედროვე სამართლებრივი პრინციპები ისტორიულად და დღეს, ასეთი ტრადიციების მქონე ქვეყანაში, ყოველგვარი მტკიცებულებისა და ფაქტის გარეშე ადამიანებს უფარდებენ, პრაქტიკულად, სისხლისსამართლებრივი სანქციის ტოლფას ზომებს. ეს არის ტრაგიკული მოვლენა და ტრაგიკულია იმ ისტორიიდან გამომდინარე, რომელიც გამოიარა დღემდე ინგლისმა, დიდმა ბრიტანეთმა, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მწუხარება შეგვიძლია გამოვთქვათ ამ ყველაფრის გამო,“- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მეგობრებს, მეზობელ სახელმწიფოებს ძალიან კარგად ესმით, რაც ხდება ქვეყნის გარშემო. 


„დღეს, ორმხრივ შეხვედრაზე მე პირადადაც გადავუხადე მადლობა ბატონ ალიევს მისი მხარდამჭერი განცხადებების გამო. ვინც ობიექტურად აკვირდება და აფასებს მოვლენებს, ყველასთვის ცხადია, რაც ხდება საქართველოს გარშემო. ყველასთვის ასევე ცხადია ის, რომ ჩვენ ვართ ორიენტირებული მშვიდობის უზრუნველყოფაზე არა მარტო საქართველოში, არამედ ჩვენს გარშემოც. თქვენ იცით, რამდენად დადებით როლს ასრულებს საქართველო მთლიანად სამხრეთ კავკასიაში და ჩვენს ფართო რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ეს არის ჩვენი საერთო ხედვა - მშვიდობაზე ორიენტირება, განვითარებაზე, კეთილდღეობაზე. ვფიქრობ, რომ ყველა სახელმწიფო სწორედ ამ პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდეს, თუმცა დღეს, თანამედროვე მსოფლიოში მიდგომები არის, სამწუხაროდ, განსხვავებული. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში, მაშინვე შეიცვლება მიდგომები. ეს სჭირდება მსოფლიოს მასშტაბით პოლიტიკის სწორი მიმართულებით განვითარებას“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონკრეტული ადამიანები მოქმედებენ კონკრეტული პოლიტიკური დაკვეთით, ისინი იღებენ დაკვეთებს და როგორც აგენტები, იძულებული არიან, გააკეთონ უხეში შეფასებები. 

 

„გახსოვთ ხუთი დღის განმავლობაში რა მასშტაბის ძალადობას სჩადიოდნენ კონკრეტული ადამიანები, იყო შტურმი სახელმწიფო შენობებზე, იყო შტურმი პოლიციელების, სამართალდამცველების წინააღმდეგ და ამას უწოდებენ მშვიდობიან აქციებს, ეს არის უტიფრობა, სხვა შეფასება უბრალოდ არ შეიძლება, მიეცეს ასეთ ქმედებებს. აქაც ჩანს, რომ რეალურად კონკრეტული ადამიანები მოქმედებენ კონკრეტული პოლიტიკური დაკვეთით, აქ საუბარია როგორც ქვეყნის შიგნით პოლიტიკოსებზე, ასევე უცხოელ პოლიტიკოსებზე, ისინი იღებენ დაკვეთებს და როგორც აგენტები, იძულებული არიან, რომ გააკეთონ ასეთი უხეში შეფასებები, რომლებიც არის არამარტო უბრალოდ მცდარი, არამედ არის ჩვეულებრივი შიშველი ტყუილი. საზოგადოება ამასთან დაკავშირებით გამოიტანს საკუთარ დასკვნებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ევროპელი კონკრეტული ბიუროკრატები, ჩინოვნიკები უპირისპირდებიან ევროპულ ღირებულებებს საქართველოში და ეს, ბუნებრივია, ძალიან უარყოფითად აისახება ევროპული სტრუქტურების იმიჯზე ქართულ საზოგადოებაში.

„რეალურად, ყველამ იცის, რომ ეს კონკრეტული უმსგავსობა დაფინანსებული იყო უცხოელი დონორების მიერ. კონკრეტული დონორები ჰყავდა იმ ქმედებებს, რომლებიც განხორციელდა NGO-ების წარმომადგენლების მხრიდან 9 აპრილს. ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებენ და გაუჭირდებათ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობის აღება ერთი მარტივი მიზეზის გამო -  ისედაც დისკრედიტირებული არიან შესაბამისი დონორები ქართული საზოგადოების თვალში და მათ, რა თქმა უნდა, არ უნდათ განიცადონ კიდევ უფრო მეტი დისკრედიტაცია, თუმცა ჩვენ მათ მაგივრად ვეტყვით საზოგადოებას სიმართლეს და შევახსენებთ იმას, რომ ასეთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები ფინანსდებოდა კონკრეტული დონორების მიერ, რომლებიც ძალიან შორს არიან იმ ყველაფრისგან, რასაც ჩვენ ვიცნობდით ევროპული ღირებულებების სახით. სწორედ ევროპელი კონკრეტული ბიუროკრატები, ჩინოვნიკები უპირისპირდებიან ევროპულ ღირებულებებს ჩვენს ქვეყანაში და ეს, ბუნებრივია, ძალიან უარყოფითად აისახება ევროპული სტრუქტურების იმიჯზე ქართულ საზოგადოებაში. იმედი მაქვს, რომ მომავალში ამ მიმართულებით ვითარება შეიცვლება. 
არ შეიძლება, როდესაც აფინანსებ კონკრეტულ ქმედებას, მერე იმალებოდე. თუ აფინანსებ, გამოდი კიდეც და აღიარე, რომ შენი დაფინანსებულია ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ის ფაქტი, რომ ეს ადამიანები, უცხოელები, დონორები იმალებიან, თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ მათ ძალიან კარგად აქვთ გათვითცნობიერებული მათი დაფინანსების ანტისახელმწიფოებრივი ბუნება. ისინი შეგნებულად აფინანსებენ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, აქციებს ჩვენს ქვეყანაში, რასაც უნდა ჰქონდეს  საზოგადოების მხრიდან სათანადო შეფასება“, -  განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დონალდ ტრამპმა პირდაპირ განაცხადა, რომ სინამდვილეში ამ ომის ორი მხარე არიან არა რუსეთი და უკრაინა, არამედ რუსეთი და დასავლეთი.


„ეს არის რეალობა, რაც ყველამ ისედაც კარგად იცოდა, ხელის გულზე დევს ყველაფერი. ამიტომაც არის დამატებით მნიშვნელოვანი ის, რომ ეს ომი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ბუნებრივია, რუსეთისა და დასავლეთის ომს ვერ ეყოლება გამარჯვებული. ორივე მხარეს არის ბირთვული ძალა, შესაბამისად, გამარჯვებული ვერ ეყოლება ამ ომს და უნდა დასრულდეს ომი, რომ მსოფლიოში მშვიდობამ დაისადგუროს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მხარეების ძალისხმევა მაქსიმალურად იქნება მიმართული უკრაინაში ომის დასრულებისკენ,“- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ  პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, კომპანიამ და დასაქმებულებმა ერთმანეთში მოილაპარაკონ სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ამ შემთხვევაში ნაკლებად ვართ მხარე. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული  ჩვენი მშრომელი თანამოქალაქის ინტერესები. ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს, ჩვენი მხრიდან თუ რაიმე შეიძლება გაკეთდეს, ამისთვისაც ვართ მზად, მაგრამ, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ და დასაქმებულებმა ერთმანეთში მოილაპარაკონ სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვაკვირდებით, საჭიროების შემთხვევაში, მივიღებთ ზომებს. პირველ რიგში, უნდა დაველოდოთ, ბუნებრივია, კომპანიასა და თანამშრომლებს შორის წარმოებულ მოლაპარაკებებს“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.