კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო სვეტიცხოვლის და ჯვრის მონასტრის რეაბილიტაციას გეგმავს

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო სვეტიცხოვლის და ჯვრის მონასტრის რეაბილიტაციას გეგმავს. სააგენტოს დირექტორის თეა ონიანის თქმით, მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის გაზაფხულზე სვეტიცხოველში წვიმის წყალი ჩავიდა, გამოჩნდა, რომ ტაძარს რეაბილიტაცია სჭირდება. მისივე თქმით, სვეტიცხოვლის ტაძრის დროებითი გადახურვის პროექტი უკვე მზადაა.

"ვგეგმავთ სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას. ჩემი დანიშვნიდან სამ კვირაში სვეტიცხოველში მოხდა წყლის ინფილტრაცია, რაც იყო ძალიან დიდი გამოწვევა, თუმცა ჩვენ შევძელით ის, რომ დღეს სვეტიცხოველს არ ემუქრება წყლის ინფილტრაციის საფრთხე. დავგეგმეთ სამუშაოები, ავაწყვეთ ხარაჩო, მოხდა გადახურვის მთელი პერიმეტრის შესწავლა. დეტალურად შევისწავლეთ გადახურვაზე, სად, რა პრობლემა შეიძლება ყოფილიყო და სად რომელი ლორფინი შეიძლება ყოფილიყო დაზიანებული. გავწმინდეთ ისინი მცენარეული საფარისგან, მოხდა ამოწმენდა და შესაბამისი საკონსერვაციო ხსნარით შევსება, რომელიც საერთაშორისო მითოლოგიით არის აპრობირებული.

უკვე ამ გადაუდებელმა პრევენციულმა სამუშაოებმა გვიჩვენა, რომ სვეტიცხოვლის ტაძარს უჭირს; უჭირს ძალიან ბევრგან, ეს იქნება ქვის კონსერვაცია თუ გადახურვა, რომელსაც აუცილებლად უნდა მივხედოთ, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი მულტიდისციპლინური კვლევების შედეგად შემუშავებული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე.

მომზადებული გვაქვს დროებითი გადახურვის პროექტი მთელი ტაძრის მასშტაბით და, თუ კი ოდნავ მაინც, 1%-ით იარსებებს სადმე წყლის ინფილტრაციის საფრთხე, ჩვენ მზად ვართ, რომ მაქსიმუმ ხუთ დღეში, იმ პერიმეტრზე მოვაწყოთ დროებითი მსუბუქი გადახურვა, რაც ტაძარს დაიცავს დაზიანებისგან. ამავე დროს, შესაბამის კვლევებზე დაყრდნობით, სრული გადახურვის პროექტი მზადდება. სვეტიცხოველს არ სჭირდება იმგვარი ჩარევა და გადახურვის მოწყობა, როგორც გელათს, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ მზად გვქონდეს სვეტიცხოვლის სრული დროებითი გადახურვის პროექტი, რომელიც ტაძრის გარკვეულ მონაკვეთებზე აიწყობა ეტაპობრივად“, - განაცხადა თეა ონიანმა პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე.

თეა ონიანის თქმით, ასევე იგეგმება ჯვრის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებაც, საწყისს ეტაპზე ინტერიერის, მოგვიანებით კი ექსტერიერის ქვის კონსერვაცია.

„ვგეგმავთ მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის კუთხით, ჯვრის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას. ეს არის ინტერიერში ქვის კონსერვაცია. ამისთვის უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ექსპერტებთან, სწორედ მათი რეკომენდაციები, მითითებებით დაიგეგმება უკვე ფიზიკური სამუშაოების დაწყება ჯვრის მონასტერში. ასევე მომავალი წლიდან ვგეგმავთ უკვე ექსტერიერის ქვის კონსერვაციის დაწყებასაც. ორივე პროექტი შეთანხმებულია მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან, მოწონებულია მის მიერ და გათვალისწინებულია ყველა რეკომენდაცია, რომელიც ამ პროექტებთან მიმართებით არსებობდა“ - განაცხადა თეა ონიანმა.