ტრამპი 14 ქვეყანას ტარიფებით ემუქრება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი პირველი აგვისტოდან 14 ქვეყანას ტარიფების დაწესებით ემუქრება. დონალდ ტრამპის განცხადებით, ამ ქვეყნებმა ვაშინგტონთან მოლაპარაკება დროულად ვერ შეძლეს, ამიტომაც ისინი სატარიფო სიაში არიან, თუმცა ვითარების გამოსწორებისათვის მათ დაახლოებით ერთი თვე ექნებათ, რომლის შემდეგაც სატარიფო რეჟიმი ამოქმედდება.

ტარიფები შეეხებათ ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან: იაპონია, სამხრეთ კორეა, მიანმარი, ლაოსი, ტაილანდი, კამბოჯა, ბანგლადეში, სერბეთი, ინდონეზია, ტუნისია, მალაიზია, სამხრეთ აფრიკა, ყაზახეთი და ბოსნია-ჰერცეგოვინა.

მოგეხსენებათ, თავდაპირველად ტარიფების ამოქმედების თარიღად 9 ივლისი იყო გამოცხადებული, თუმცა მოგვიანებით იგი აგვისტომდე გადაიდო, რათა მხარეებს მეტი დრო მიეცეთ შეთანხმების მისაღწევად.

ცხადია, ტარიფების მასშტაბი ქვეყნებს შორის განსხვავდება — ზოგ შემთხვევაში 25 პროცენტია, ზოგიერთ შემთხვევაში კი უფრო მაღალი, 30–40 პროცენტი.

ანალიტიკოსების შეფასებით, მომდევნო დღეების განმავლობაში ყველა ზემოხსენებული ქვეყანა სათითაოდ შეეცდება აშშ-ის მთავრობასთან შეთანხმების მიღწევას, რაც მათ ტარიფებისგან თავის დაღწევის საშუალებას მისცემთ.