სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.1 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 6.8-პროცენტიანი მატება.
საქსტატის ცნობით, 2024 წლის სექტემბერთან შედარებით ფასები 4.6 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.3 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები -0.8 პროცენტით შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც -0.62 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.
ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების -3.5-პროცენტიანი კლება კვების პროდუქტებზე. გარდა ამისა, ფასების 2.1-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.22 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
„12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 29.7 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.7 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (35.9 პროცენტი); დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 5.3 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 4.32 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (6.6 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (11.8 პროცენტი); ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 4.4 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.54 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა; წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 10.9 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.26 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა“ – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.